Showing posts with label weekends. Show all posts
Showing posts with label weekends. Show all posts

5.9.14

ციხისძირი

სანამ პოსტს დავწერდი, ბევრი ვიფიქრე, იქნებ არ ღირდეს ამ ადგილის გამხელა_თქო, მაგრამ ისედაც ბევრი კარავი დაგვხვდა, ანუ ხალხი ინფორმირებულია, თან არც ჩემს ბლოგს უდგას ვიზიტორების რიგი, რომ მსოფლიოს მოვდო :))) 

ქობულეთის ნაკრძალის შემდეგ კინტრიშის ნახვას ვაპირებდით. ქობულეთის სადგურზე ხინომდე მისასვლელი გზებიც გავარკვიეთ და გადავწყვიტეთ, იმ ღამეს ციხისძირში დავბანაკებულიყავით. ყოფილხართ ციხისძირში? სამოთხეა, თუ კარვით აპირებთ დასვენებას. სანაპირო აქაც დაბინძურებულია, როგორც ყველგან, მაგრამ "ცოტა მიიჩოჩე, დამაწვინე" სიტუაცია არ არის, როგორც ბათუმში. იქვეა წყარო და ბუნებრივი შხაპი - კლდიდან გადმოდის წყალი, ფარდა აქვს ჩამოფარებული და ძალიან კომფორტულია მარილიანი წყლის ჩამოსარეცხად.

სანაპიროზე ჩასასვლელი პეტრას ციხის გვერდითაა, მერე ლიანდაგს გადაჭრით და ჩაგორდებით (მართლა უნდა ჩაგორდეთ ან ჩაირბინოთ, გაფუჭებულია ბილიკი). თავიდან უბარგოდ ჩავედით, ადგილი შევათვალიეროთო. ისე მოგვეწონა, რომ ბარგიც ჩამოვიტანეთ, კარვებიც გავშალეთ და კინტრიშზე ასვლაც სამომავლოდ გადავდეთ.


რჩევა #1: მაღაზია ახლოს არ არის, ამიტომ პურზე ავირბენ - არ გამოვა. ლუდის საყიდლად თითქმის ქობულეთში ჩავედით, მერე ვიღაც ბაბუმ ამოგვიყვანა მანქანით.

რჩევა #2: შეგიძლიათ თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ, შუმახერა იურა, რომელიც ცნობილია როგორც ციხისშირში, ისე ქობულეთში, თქვენს უსაფრთხოებაზე იზრუნებს (ჩვენ ასე გვითხრა).

რჩევა #3: დაიკიდეთ რჩევა #2. შუმახერამდე პოლიციამ ჩამოიარა, სათითაოდ მივიდა ყველასთან და გააფრთხილა, ნივთები უყურადღებოდ არ დატოვოთო. ვოტ.

19.8.14

ქობულეთის დაცული ტერიტორიები

სად არის ქობულეთის ნაკრძალი? ქობულეთში. მართლა, ქალაქში. 642 ნომერთან ჩაუხვიეთ, გზაჯვარედინზე პირდაპირ გააგრძელეთ სვლა და სახლები რომ მორჩება და შემოღობილი ნაკვეთი გამოჩნდება, აი, ეს არის ქობულეთის ნაკრძალი. ერთი შეხედვით ყანაა, ნიშნებიც არაფერს გვეუბნება, მაგრამ დამერწმუნეთ, ხიდზე რომ კარს შეაღებთ და გადახვალთ, ნაკრძალში ხართ. ფოტოები რომ არ მქონოდა ნანახი, ვერაფრით წარმოვიდგენდი.
ხიდს იქით საინფორმაციო დაფებიცაა, რომელიც გვაუწყებს, რომ აქ ტორფიანი მიწაა და ჭაობის დონე ყოველთვის ერთია, მიუხედავად იმისა, რომ წვიმით იკვებება და არავითარი შემომავალი წყალი არ აქვს.  ფოტოებიცაა აქ აღმოჩენილი უძველესი ჭურჭლისა და სამკაულების.
ხის ბილიკით გადადიხართ მეორე ზონაში, სადაც კოშკია. ცოტა ჭრიალებს, მაგრამ ოთხი კაცი ავედით და არ დანგრეულა. სასიამოვნოდ გრილა და არც ქობულეთური ხმაური და მუსიკა შეგაწუხებთ. შეგიძლიათ ფრინველებს დააკვირდეთ, მაგრამ ჩვენ წერო არ შეგვხვდა.
კოშკურის მერე ისევ ხის ბილიკია, საიდანაც მესამე ზონაში გადადიხართ და როგორც apa.gov.ge გვეუბნება, დროზერა შეგვიძლია ვნახოთ, მაგრამ მესამე ბილიკს იქით გზა ისეთი გასაწმენდი და მოუვლელი იყო, რომ არ გადავსულვართ.
მოკლედ, ისეთი ადგილია, მხოლოდ ნაკრძალის სანახავად რომ არ უნდა წახვიდეთ. გზად თუ მოხვდებით, შეიარეთ. კაციშვილი არ დაგვხვედრია, ამიტომ არც რამეა გადასახდელი.

ფოტო და რუკა აღებულია დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდიდან.

5.9.13

მესტია – ჰაწვალი

უშგული–მესტიის მონაკვეთი ლენტეხი–უშგულის გზასთან შედარებით არაფერია. შორიც არაა, 45 კილომეტრი. გზად გამოვიარეთ ხიდზე დაკიდებული კარები, უნდა გააღო, გახვიდე, დაკეტო. და ეს ორი ფოტო, მესტიის გზაზე, ამაზეა ნათქვამი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდითო. ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს.


მესტია პატარა, კოხტა საკურორტო ქალაქია, სადაც ყველა სეზონზე შეგიძლია ჩასვლა და დასვენება. ზამთარში შეგიძლია ისრიალო, ზაფხულში – ისეირნო და მწვერვალები დალაშქრო. ძალიან კარგი ტურისტული ინფო–ცენტრია, რუკებსაც არიგებენ, რჩევასაც გაძლევენ და გზასაც მიგასწავლიან. სიძველე შენარჩუნებულია და შუა მოედანზე ჩადგმული სვანური პიაცა და იუსტიციის თუ პოლიციის ახალი შენობები არ გაღიზიანებს. ჯამში ტურისტი მეტია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა.




ჰაწვალზე ავედით, პანორამა რესტორანია ზემოთ. საბაგიროს 35 წუთი მოუნდა, სამაგიეროდ ისეთი ხედები იშლება, დრო როგორ გადის, ვერ გაიგებ.

ჭალაადის მწვერვალი, მდინარის სათავე მესტიასთან ძალიან ახლოსაა. მანქანით შეგიძლიათ გაიაროთ გარკვეული ნაწილი, მერე ფეხით გადასასვლელი ხიდია და სათავემდე ბილიკი მიდის. ბილიკზე ნიშნებია, გზა არ აგერევათ.  ტყე რომ მთავრდება, ქვიანი გზაა, ლოდებზე უნდა გადაიარო და შორიდან ხედავ მთაზე ვერტიკალურად გამოკიდებულ ტბას. ახლოს რომ მიდიხარ, ეს ტბა ყინულია, საიდანაც მდინარე გამოდის. აუცილებლად მოინახულეთ, ფეხით სასიარულო 4 კილომეტრი იქნება ჯამში წინ და უკან.


4.9.13

თბილისი – ცაგერი – უშგული

გეგმა – თბილისიდან დილაუთენია გასვლა ჩაიშალა. შუადღის სამი საათი იყო თბილისს რომ გავცდით, შედეგად დაგვიღამდა და ცაგერში დაბანაკება გადავწყვიტეთ. იქაურებმა მშვენიერი საკარვე ადგილი მიგვასწავლეს – ამფითეატრი. ქალაქს რომ გაცდებით, ბენზინგასამართი სადგურიდან მეორე ხიდზე გადახვალთ და შედიხართ პირდაპირ ეზოში. ასე კარგად კარავში არ მძინებია არასდროს.

ცაგერი
ცაგერიდან 1 კილომეტრში სვანეთი იწყება. ლენტეხამდე კარგი გზაა, მერე ფუჭდება და ფუჭდება. მთებში რაღაც ძალიან გრძელი სოფელი გავიარეთ და მერე მივდიოდით ვიწრო გზაზე, სადაც შემხვედრ მანქანას გვერდს ვერ აუქცევ, რომელიმემ უნდა დათმოს და დაიხიოს უკან სადმე ფართო ადგილას. წვიმდა მთელი გზა, ტალახი იყო და რამდენჯერმე მანქანა მოგვიცურდა. არსად იყო რაიმე ნიშანი, რომ გაგვეგო სად ვიყავით, რამდენი დაგვრჩა.
ცანა
 

უშგულშიც წვიმდა. თითქმის ყველა სახლში გესთჰაუსია, საკარვე ადგილებსაც აქირავებენ. ჩვენ ბატონი გოგის მომავალ სასადილოს შევაფარეთ თავი უფასოდ. დილით მოგვაკითხა, მოგვიკითხა, უშგულზე გვესაუბრა, ტურიზმზე, პოლიტიკაზე.
უშგული არის ველური სვანეთი, თავისუფალი სვანეთი, არასდროს ბატონი არ ჰყოლიათ და ეტყობა კიდეც. აი, რაც არ მომეწონა, გადანათებული სვანური კოშკი, მაგრამ სულ ერთი იდგა ასეთი.
უშგული

დილით მუზეუმი მოვინახულეთ, კუბდარი დავაგემოვნეთ და შხარას სანახავად წავედით, მაგრამ ამინდი გაფუჭდა, გაწვიმდა და მხოლოდ მცირე მონაკვეთის ნახვა შევძელით. იქ დარჩენას აზრი აღარ ჰქონდა და საღამოს მესტიისკენ დავიძარით.
შხარა
კუბდარი
 
 



29.8.13

სვანეთის გზა

შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო .

როცა ჯიბლამ წასვლა შემომთავაზა, შევძვერი ინტერნეტში, მოვიძიე რუკები, ინფორმაცია სანახავ ადგილებზე, გადავზომე, დავთვალე, გავიკითხე გზების ამბავი. 
2 ვარიანტი გქვონდა:
1. თბილისი–ზუგდიდი–მესტია–უშგული–მესტია–ზუგდიდი–ბათუმი–თბილისი – აუცილებლად მოგვიწევდა მესტია–უშგული–მესტიის მონაკვეთის გავლა. ყველამ თქვა, რომ გზა არ ვარგა, მაგრამ გრანდ ვიტარას არ გაუჭირდება;
2. თბილისი–ლენტეხი–უშგული–მესტია–ზუგდიდი–ბათუმი–თბილისი – ქვემო სვანეთს ბევრი არ იცნობს, თანამშრომლებმა მითხრეს, რომ იგივე გზაა, რაც უშგული–მესტიის მონაკვეთზეო, ანუ მანქანისთვის პრობლემა არ იქნებოდა.
მეორე ვარიანტი ავირჩიეთ, ბარემ ქვემო სვანეთის ნახვა, თან ასე 200 კილომეტრით ვამოკლებდით გზას. 
ვაი! შორი გზა მოიარე და შინ მშვიდობით მიდიო. 
ლენტეხიდან რამოდენიმე კილომეტრში გზამ გაფუჭება რომ დაიწყო, უშგულამდე უარესდებოდა და უარესდებოდა. გარდა ამისა, არ დგას არანაირი ნიშანი, სად ხარ, რამდენი დაგრჩა. როცა ერთ–ერთ დასახლებულ ადგილზე მგზავრობით გათანგულებმა ვიკითხეთ, უშგულამდე რამდენი დაგვრჩაო, თურმე ჩავსულვართ. 
გზა მართლა ძალიან ლამაზია, მაგრამ საშინლად დამღლელი. 



15.6.13

მტირალას ეროვნული ტყე–პარკი

ფოტო აღებულია apa.gov.ge-დან
მტირალას ეროვნული პარკი განლაგებულია ისტორიულ აჭარაში. მტირალას მთა შავ ზღვასა და ბლა ბლა ბლა... სად მდებარეობს, რა ხარობს და ა.შ. შეგიძიათ ნახოთ ამ ლინკზე. როცა დამჭირდა, ინცოფმრაცია ვერ მოვიძიე, საიდან უნდა მივსულიყავი, რამდენი იყო ფეხით სასიარულო, რა პირობებია და ა.შ. 1 თვის წინ ვიყავი, ვნახე და ვეცდები, დავეხმარო სხვებსაც.

როგორ მივიდეთ:
მტირალას პარკში მისასვლელად 2  გზაა, ერთი მაღალმთიანი აჭარიდან, მეორე – ჩაქვიდა. ჩვენ ჩაქვით მივედით. ცენტრში, პალმასთან გადასახვევია, დიდი აბრაც დგას, გზის მაჩვენებელი.
არ დაუჯეროთ იქაურებს! აუცილებლად გეტყვიან, რომ შორია, ფეხით ვერ ახვალთ და ტაქსი 30 ლარად უცებ აგიყვანთ.. ბულშით. თუ მართლა გეზარებათ ფეხით სიარული, მარშუტკა დადის 50 თეთრიანი. რეალურად 4–5 კილომეტრი იქნება პარკის შესასვლელამდე. გზის 3/4–ზე ასფალტია დაგებული, მერე ჩვეულებრივი სოფლის გზაა, მაგრამ ჩემი კორსა ადვილად ავიდოდა.

შესასვლელი:
ზოგან ეწერა, რომ შესვლისას უნდა დარეგისტრირდეთ, გააფრთხილოთ რეინჯერები და ა.შ. რეალურად, შესასვლელში არავინ დაგვხვდა. აქედან 3 კილომეტრი იქნება რეინჯერების პუნქტამდე. გზა სასიამოვნოდ გასავლელია, გვერდით მდინარე მიუყვება და ბევრი ძალიან კარგი საბანაო ადგილია. ხო, შესასვლელში საპიკნიკო ადგილია და ცეცხლის დანთებაც შეგიძლიათ.

რეინჯერების პუნქტი:
რეინჯერის გაგონებაზე ალბათ ახალგაზრდა, ახოვანი, გარუჯულ სხეულზე 6–6 კუბიკდაყრილი მამაკაცი წარმოგიდგათ, არა? ვერ მოგართვით. რეალურად ბაბუ დაგვხვდა კოვბოის ქუდით. რომ მივედი, ყველამ გამიღიმა და ერთმა შედარებით თამამმა ახალგაზრდამ, რომელიც ექსკურსიამძღოლი აღმოჩნდა, ველქამო, გადმომძახა :)) ხო, ქართველები ნაკლებად და
დიან ეტყობა.

სანახავი:
ჩანჩქერი უნდა ნახოთ. რეინჯერების პუნქტიდან 2,2 კილომეტრითაა დაშორებული. გზის მაჩვენებლები შეგხვდებათ, დაკარგვა ადვილი არ არის. ჩანჩქერი ძალიან ცივია, მზე დიდად არ უდგება, არც საბანაო ადგილია, ამიტომ ცურვის იმედი ნუ გექნებათ, დასველებას შეძლებთ.
ტბა ყოფილა კიდევ, ჩანჩქერიდან ერთი კილომეტრის სავალზე. ვაპირებდით მოძებნას, მაგრამ ბოლოს დაგვეზარა.

ქემფინგი:
ჩანჩქერის ბილიკიდან გადასახვევია, ნიშანი შეგხვდებათ. მშვენიერი ადგილია, მაგიდა–სკამებიც დაგხვდებათ და ტუალეტიც. ჩვენ რომ ვიყავით, არ მოქმედებდა, ჭრილში ხე იყო ამოსული :D






30.8.10

აბუდელაურის ტბები Vol. 2

5 წლის შემდეგ არც თოვლი დამხვდა, არც ტბები, არც ემოციები იყო ისეთი. მაინც ლამაზია იქაურობა და თეთრი ტბა როგორც იქნა ვნახე. არ მეგონა, თუ ოდესმე კიდევ მოვხვდებოდი იქ. მეტის მოყოლის სურვილი არ მაქვს.

20.8.10

შვებულება / ბათუმი

აუტანელი სიცხე, მშვენიერი წყალი საცურაოდ, ერთი შეხედვით სუფთა, თუმცა ალაგ–ალაგ მოცურავე ფეკალიებით. გზად ისე დავიღალეთ, ბინის მოძებნის თავი არ გვქონდა, ნაცნობ ოჯახს მივაკითხეთ და უნახავად დავთანხმდით ერთადერთ დარჩენილ ოთახზე იმის შიშით, რომ ჩემს შემდეგ 2 წუთში მოსულ გოგოს არ დაესწრო. შედეგად მივიღეთ დასაგველი, ცხელი და კოღოებით სავსე ოთახი. მშვენიერი!
როკ ფესტი, როგორ ველოდით. საშინელება! ჯერ ერთი, ზუსტად იგივე ხალხი, ვინც თბილისის მსგავს ფესტივალებს სტუმრობს და თავი აქ მეგონა. მერე მეორე, საშინელი პუბლიკა – აჭარელი კაიბიჭობა, რომლებიც მიკროფონთან მისვლას და დედის გინებასაც კი არ ელოდებოდნენ და კულმინაცია – არანაირი დაცვა ამ ყველაფრის თავიდან ასაცილებლად. ბათუმი როკ ფესტი ჩაფლავდა.
თუმცა შაბათ–კვირას იმდენი მეგობარი შემოგვემატა, თბილისში აღარავინ დარჩა და ცხვირჩამოშვებულები ავედით ბათუმი–თბილისის ჯაყჯაყა ავტობუსში.









© ყველა ფოტო გადაღებულია თორნიკეს მიერ

18.8.10

შვებულება / ცხენისწყალი

თორნიკეს სოფლის ღირსშესანიშნაობები დავათვალიერებინე, ცხენისწყალი, იმერეთ–სამეგრელოს გამყოფი ხიდი, ბინული და მჟავანაძის სახლის ნარჩენები ვანახე. ცხენისწყალზე კარგად გაერთო, ვინც არაა ნამყოფი, ქვიშიანი წყალი მოდის, საკმაოდ სწრაფია, საცურაოდ არ ვარგა, თუმცა ბავშვობაში ხშირად მიჭყუმპალავია. ახლა მხოლოდ გატალახებით და ფეხების დასველებით შემოვიფარგლეთ.
სამეგრელოს მხარეს საოცარი რამ ვნახე: ქმარი ჩრდილში იჯდა, ცივ წყალს მიირთმევდა, ცოლი მანქანას რეცხავდა, დისკებიც გაუპრიალა, მერე გაამშრალა და წავიდნენ :| ალბათ უყვარს იმ ქალს რეცხვაო, ზოგმა მითხრა, თუმცა რავი, არ მგონია. გული ჩამეწვა.







17.8.10

შვებულება / კინჩხა

ვინც არ იცის, კინჩხა ხონის რაიონის ბოლო სოფელია, საკმაოდ მაღალზე მდებარეობს და ცნობილია ჰაერით და ჩანჩქერით. ჩემი სოფლიდან იქამდე 25 კილომეტრია. მაცხოვრებლებმა გვიქეს, გვიდიდეს. ჩვენც დილით საგზალი ავიღეთ და წავედით. გაჩერებაზე ნახევარსაათიანი ყურყუტისა და ლოდინის შემდეგ ნიკოლოზის დროინდელი ავტობუსი  მოვიდა. გზა პირველი 10 კილომეტრი კარგია, ტრასაა დაგებული. გორდიდან იწყება აღმართები და გზას ნუ მკითხავთ, დავიღალე, დავიტანჯე, ყველა კუნთი დამეჭიმა. გაჩერებიდან ჩანჩქერამდე 1,5-2 კილომეტრი ფეხით სასიარულოა, ძირითადად აღმართები. ჩანჩქერი კი ჩანს, თუმცა წვრილად. გულს არ ვიტეხ, ალბათ ახლოდან ლამაზია_თქო. თვითონ სოფელი ნამდვილად ლამაზია, კაკაბაძის "იმერეთი" გამახსენდა. მთები, ტყე, ჰაერი, აქ ყველაფერია, რაც ჩემს სოფელს აკლია. 
მივედით ჩანჩქერთან და საბოლოოდ გადაგვეწურა იმედი ჩანჩქერის სილამაზის ნახვისა და გაგრილების. გვალვის გამო წყალი ისეთი დამშრალი იყო, რომ ქვემოთ ჩანჩქერისგან მხოლოდ წვეთები აღწევდა. საბანაო ადგილი აღმოჩნდა დაგუბებული ადგილი დაახლოებით 8 მეტრი სიგრძის და 5 მეტრი სიგანის, სადაც 30 კაცი იწვა. დავრჩით გაღიმებულები. ავტობუსის გასვლამდე საკმაო დრო იყო დარჩენილი, ამიტომ გაგრილების სხვა საშუალებას მივმართეთ: პატარა გუბეში ჩავსხედით. აღმართები დაღმართებად იქცა, უცებ ჩამოვირბინეთ, ავტობუსმა კი ისევ საშინლად გვახტუნავა.





კვატი <3

შვებულება / დღე მესამე

თორნიკემ გაიღვიძა და არაო. ვერაო. შენ წადი, მე სახლში ვბრუნდებიო. ფეხები იტკინა და გზას ვეღარ გავაგრძელებდით. ბახმარომდე 3 დღე ტყით უნდა გვევლო, დასახლებული პუნქტების გარეშე და უკან გამოსაბრუნებლად საირმე საუკეთესო ვარიანტი იყო. ავიბარგეთ, ბავშვები გავაცილეთ და ჩვენ ქუთაისისკენ ავიღეთ გეზი. ტრანსპორტი შუადღემდე არ გადიოდა, კეთილი მძღოლების იმედად ფეხით დავადექით გზას. 1 საათის შემდეგ ზუგდიდელმა წყვილმა შეგვიფარა და ბაღდადამდე ჩამოგვიყვანა. იქიდან მარშუტკით ქუთაისში ჩავედით, თეთრი ხიდი მოვინახულეთ და ხონისკენ დავიძარით. 
მორჩა საირმე

მე და პიკასოს ბიჭი


ფიის, ლავ :))

შვებულება / დღე მეორე

საშინელი ღამე იყო. ცუდად მეძინა. დაღმართზე გიძინიათ? გინდა თუ არ გინდა, ქვემოთ მისრიალებ კარვის ბოლოში და ფეხს ვერ შლი. + ღამით რაღაც ცხოველი მოვიდა კარავთან, დაგვსუნა. ფშვინვაც ისმოდა. დათვი მეგონა, შემეშინდა, სუნთქვა შევიკარი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ხმა მეზობელი კარვიდან მოდიოდა, ვიღაცას მშვიდად ეძინა და ხვრინავდა, ვინ დაგვსუნა, ეს არ ვიცი, ზემოთ, მთაზე მწყემსები მოჩანდნენ და ალბათ მათი ძაღლი იყო. 7 საათზე გამოვლაგდით, ავშალეთ ბანაკი. დარჩენილი წყლით ნახევარი ჭიქა ჩაი და ნახევარი ჭიქა ყავა გამოგვივიდა, ყველამ მოვყლუპეთ და გავუდექით გზას.
ისევ აღმართი, ჩვენ წვეთი წყალი არ გვაქვს, ხელ–პირიც დაუბანელი, გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარით, მაგრამ იმედიანად მივდივართ, იქ, სადღაც, იმერეთში წყალი გვეგულება. და უცებ, ჩვენი ბაზიდან 50-60 მეტრში კვამლი გამოჩნდა, შემდეგ საშინელი სუნი, მერე ქოხები და წყალი! მწემსები ცხოვრობდნენ. მარაგი შევავსეთ და გავუდექით გზას. 
ყვითლად გზაა მონიშნული

გუშინდელისგან განსხვავებული პეიზაჟებია. სამანქანო გზას მივუყვებით, თუმცა სამანქანო რა, ალბათ წელიწადში 2–3–ჯერ რამე ხიდიანი მანქანა თუ დადის. მარცხნივ მწვანე მთა, მარჯვნივ – აბასთუმანს დავყურებთ და ობსერვატორიის თავი პატარა ბურთად მოჩანს. ლამაზია აქაურობა. ეს აჭარა–იმერეთის ქედია. იმერეთისკენ რომ გადავუხვიეთ, დაღმართები დაიწყო. კარგი სიჩქარე გვაქვს აღებული. გზად რამდენჯერმე შევჩერდით წყლისთვის, საჭმლისთვის, გეოგრაფიული კვლევებისთვის. 

ქედზე

საირმემდე 30 კილომეტრია, მართალია დაღმართები, მაგრამ ამხელა ბარგით ცოტა ძნელია. არ ვიცით შევძლებთ თუ არა გზის გავლას დაღამებამდე. გზას ვაგრძელებთ. საირმისკენ რომ ჩავუხვიეთ, ტყე დაიწყო, მარცხნივ მდინარე მოგვყვებოდა. გზად – არაფერი. სამიოდე მანქანა შეგვხვდა, მათ შორის ერთი ვილისის ტაქსი და ჩვენი დიდი იმედი, რომ უკან ჩამობრუნდებოდა და ბარგს მაინც გავატანდით, არ გამართლდა, აღარ ჩამოუვლია. 
საირმემდე დარჩა 8 კილომეტრი, 7 კილომეტრი, 6, 5... 4.... ცოტაც.... 3.... ქვემოთ ჩავდივართ და ჩავდივართ. არც სახურავები მოჩანს, არც კაციშვილის ხმა ისმის. ბოლო კილომეტრები ძალიან გაიწელა. აშკარად ან ჯიპიესი გვატყუებს ან რომა. უცებ მოსახვევი გავიარე და ანძა! 2 ანძა! ვაშა! ცივილიზაცია! ხალხი! კაციშვილი არ ჩანს, რომ სიხარული გავუზიარო. სახლები მაინც არ მოჩანს, მაგრამ იმედი არის, რომ გზა არ შეგვშლია, რომ მალე მივალთ. დაახლოებით 30–40 წუთში სახურავებიც გამოჩნდა, ხმაც გავიგეთ, ჟრიამულიც. ესეც საირმე. და ეს ანძები სავარაუდოდ მობილური ოპერატორების ანტენები იყო.
ანტენები <3

ხალხი უცნაურად გვიყურებს, გიჟები ვგონივართ. ვიღაც მილიციელი შეგვეგება და საკარვე ადგილიც მოგვაძებნინა, იქვე ცენტრში, თუმცა რა ცენტრში, საირმეში სულ ათიოდე შენობა დგას ერთი პარკის გარშემო. ამ პარკში ამოდის ის სამკურნალო წყლები, თბილი და გაზგასული ნაბეღლავის გემოთი. არ მომწონს აქაურობა, ჰაერი მძიმეა, ხალხი პირქუში, ყველას ჭიქა უკავია და ყლუპ–ყლუპად სვავს წყალს. ბრრრრ. ომისშემდგომ ქალაქს მაგონებს აქაურობა.
კარვები გავშალეთ. იქვე აბანო ვიპოვეთ. რახან ბევრნი ვიყავით, ფასდაკლება გვაჩუქეს და 3 ლარის ნაცვლად 2 ლარად შევედით ჭუჭყის ჩამოსარეცხად. იფ, კარგია.

შედეგი: 30 კილომეტრი, დრო არ მახსოვს

შვებულება აიღო და არ დავასვენე <3 :)

2 კაცი გვაკლია

წუთშესვენება

იმერეთი, სისხლმა მიყივლა



საირმის ბაზა

წყარო #2, სიბინძურეა 

მხოლოდ ეს ადგილი მომეწონა