18.7.16

ძველი ტუმბოების ახალი ცხოვრება

ცოტა ხნის წინ ნაცნობისგან ძველი ავეჯი ვიყიდე. სულ მინდოდა მსგავსი ავეჯი მქონოდა და მერე გადამეკეთებინა. ეს პირველი ცდაა და კარგი გამოვიდა, მგონი. ბევრმა მკითხა, როგორ გავაკეთე, ამიტომ ჩამოვწერ ახლა ნაბიჯ-ნაბიჯ. რეალურად რთული არაა და ხელიდან ლაქის მოშორებამ უფრო მეტი დრო წაიღო, ვიდრე თვითონ განახლების პროცესმა.

1. ამოვათრიე ტუმბო გარაჟიდან, გავწმინდე, დავდგი მზეზე და შევათვალიერე. წარმოდგენა არ მქონდა, რა უნდა მექნა. ამ ძველ ავეჯს ლაქი ისე ადევს, მთლიანად აძრობა მგონი წარმოუდგენელია.
ორიგინალი

2. გავშკურკე ჯერ მსხვილი შემდეგ წვრილი შკურკით და გავწმინდე სველი ტილოთი. რეალურად ზედაპირი გავაუხეშე, რომ საღებავი კარგად დამჯდარიყო. პირდაპირ ლაქიანზე საღებავი იჭრება და კარგ ეფექტს ვერ მივიღებდი.
შესაღებად მზადაა

3. დავგრუნტე მთლიანად. გამოვიყენე dekorator-ის ექსტერიერის თეთრი საღებავის და Alpina-ს ყავისფერი გუაშის ნაზავი. მინდოდა რამე ნეიტრალური ფერი დამესვა. სახელურებზე შემოვაკარი სკოჩი, რომ ყავისფერი დამეტოვებინა. 
დაგრუნტული

4. თავიდან დაძველებას ვაპირებდი, მაგრამ მერე გამახსენდა მილიტარი მწვანე საღებავი მქონდა და მაქსის ოთახს უფრო მოუხდებოდა, იმიტომ რომ ღია ყავისფერი შპალიერია გაკრული. ერთი ფენა გადავუსვი და საკმარისი აღმოჩნდა.
შეფერილი

5. მშვენიერი გამოვიდა, მაგრამ გუაში ისეთია, ადვილად იხაზება. თავიდან ვიფიქრე, მაინც ასე დამეტოვებინა, ბავშვი პატარაა და რას დაკაწრავს-თქო, მაგრამ უჯრების გამოწევისას და გადაადგილებისას 1-2 ზოლი მაინც გაუჩნდა და გადავწყვიტე, ლაქით დამეფარა ზედაპირი. გარაჟში ვიპოვე Corella ხის ზედაპირის დამცავი, სატესტოდ უკანა მხარეს გადავუსვი. რეალურად ლაქის გამოყენება იმიტომ არ მინდოდა, რომ პრიალა ზედაპირი არ მიყვარს. მწვანე შეფერილობის აღმოჩნდა, ძალიან გამიმართლა. არც სიპრიალე მისცა მაინცდამაინც, ამიტომ გადაწყდა - ლაქი გადავუსვი.
თუ გინდათ, რომ ლაქი სწორად განაწილდეს, უმჯობესია მარლა ან რბილი ნაჭერი გამოიყენოთ და ისე გადაუსვათ, მაგრამ მე ჯერ ფუნჯით ვადებდი ლაქს და შემდეგ ბამბის ნაჭრით ვაპრიალებდი. ცოტა არათანაბრად ნაწილდებოდა ფერი და ძალიან მოუხდა.
ვუალა! მზადაა :)

გამოყენებული მასალა: ელექტრო ხის გასაპრიალებელი. საღებავები, რბილი ფუნჯი და ბამბის ნაჭერი. რჩევა: ლაქის წასმისას კარგი იქნება, თუ ხელთათმანს გამოიყენებთ. მე შიშველი ხელებით გავაკეთე და ძლივს მოვიშორე.



2 comments:

Daroshka said...

ნიჭერი და ჭკვიანი გოგო!

matasi said...

მეც ამოვათრიე ძველი ტუმბო და დღეს გავშკურკე, ვნახოთ რა გამოვა:)