16.7.16

გრანადა

ბარსელონაც ლამაზია, ვალენსიაც არ ჩანდა ცუდი (ღამით რაც ვნახეთ), მაგრამ გრანადა ყოფილა ურთიერთობა. ალბათ სიტუაციამაც განაპირობა, თორემ მარტო რომ დამსვა ბაუნტის პლაჟზე, კი ლამაზი იქნება, მაგრამ 2 საათში მოვკვდები მოწყენილობით და აღარასდროს მომინდება იქ დაბრუნება.

საკმაოდ შორია ვალენსიადან გრანადა, ღამის ოთხზე გასულები შუადღისთვის ჩავედით. სახლი შეცდომით ღამის 11-ზე გვქონია დაჯავშნული და რომ დავურეკე ჰოსტს, ჯერ არ გველოდა. დაღლილებმა და ნერვებმოშლილებმა დავცხეთ, დავიშალეთ და მოკლედ, ერთ საათში ჰოსტმაც მიგვიღო.
ინგლისური არ იცოდა და google translate-ის დახმარებით მშვენივრად ვიკონტაქტეთ. სახლი იყო ძალიან კარგ ადგილზე, ძალიან დიდი და კარგი. დავიძინებთ და მერე გავიდეთო. მე კიდევ არ მინდოდა ძილი, მობილური ავიღე, დივანზე წამოვჯექი, ადგილებს ვნიშნავდი რუკაზე, რაც უნდა მენახა და... სამ საათში ასე დამჯდარს გამეღვიძა :დ
საღამოს გავედით გარეთ, გვშიოდა. ტურისტულ ქუჩაზე ერთ-ერთ კაფეში დავსხედით და აქ გავიცანით პირველი ღმერთი კვების დარგში. საოცრად გემრიელი იყო ყველაფერი. წამოსვლისას ლიმონჩელოები გვაჩუქეს და იქიდან ისეთი გაბედნიერები წამოვედით, ყველა გვიყვარდა.
გრანადაში კარგი წესი აქვთ, ლუდს თუ შეუკვეთავთ, ტაპასი მოყვება უფასოდ. ტაპასი შეიძლება იყოს პურზე შემოდებული ძეხვი, ძეხვი და ყველი და თქვენ წარმოიდგინეთ ბრინჯის ღომი და ხარჩოც კი. ჯამში 1 ლუდის ფასად გემრიელად ჭამ და იაფადაც გამოდიხარ.
ღამე ბევრი ვისეირნეთ, იქაური ზილინა-ზილინაც ვნახეთ, ნაყინები დავაგემოვნეთ, პატარა მინდორიც ვიპოვეთ წამოსაკოტრიალებლად და ბედნიერებმა დავიძნეთ.
მეორე დღეს წავედით Alhambra ციხესიმაგრის სანახავად. ეს ის ადგილია, Game of Thrones რამდენიმე ეპიზოდი რომ გადაიღეს. ლამაზი ადგილია ძალიან, ეზოში შესვლაც უფასოა და ისე ფასიანი ადგილების ნახვა თუ გინდათ, 2-3 კვირით ადრე დაიჭირეთ თადარიგი, თორემ მივალ-ვიყიდი ასეთი რამ არ ხდება.
გრანადა იყო პირველი ადგილი, სადაც მდინარე ვნახეთ, ნამდვილი მდინარე :))

ისე მოგვეწონა აქაურობა, რომ მეორე ღამითაც დავრჩით, ოღონდ სახლის შეცვლა მოგვიწია, მაგრამ იგივე ჰოსტმა გვიპოვა თითქმის იგივენაირი სახლი ოდნავ მოშორებით, თუმცა ესეც კარგი ადგილი იყო.
იქ ყოფნის მეორე დღეს დავადექით გზას საბოდიალოდ. საქართველო-ესპანეთის თამაშს შევესწარით. თეო შევარდა ბარში და ჩვენ ვართო, ბარმენს ახარა, მაგრამ მაინცდამაინც არ გაუხარდა და გამოვედით, სხვა ბარში გადავინაცვლეთ და გამარჯვების აღსანიშნავად თითო ლუდი და ნაჩუქარი ტაპასები მივირთვით. მერე იყო რაღაც როკ-კაფე, შოთები 1 ევრო ღირს. ნაყინი მოგვინდა და დაკეტილი სანაყინე გაგვიხსნა კეთილმა ქალმა (ჩვენს მერე კიდევ რამდენიმე კლიენტი შევიდა :დ) და ბოლოს, დღის დასაგვირგვინებლად არც კი ვიცი რატომ, კარაოკე ბარში აღმოვჩნდით.

რჩევები:
ალჰამბრას ბილეთები იყიდეთ 2-3 კვირით ადრე ონლაინ.
ყველგან მოითხოვეთ ლუდი და ტაპასი მიიღეთ საჩუქრად.
აქაც არის პატარა 24 სთ-იანი მაღაზიები.
La Chicota ქვია იმ კაფეს, სადაც ვიყავით და ჩავსკდით. აუცილებლად ეწვიეთ და ჩაეხუტეთ მიმტან ქალს ჩვენი სახელით. კიდევ ერთი მიმტანი კაცი იყო, ფიტნეს ჟურნალიდან ამოჭრილს ჰგავდა.





No comments: