14.7.16

ვალენსია

ხო, ეს ძალიან საინტერესო ამბავია, რომ მახსენდება, მეცინება და ჯერ ვერ ვხვდები, კარგად მოვიქეცით თუ ცუდად.
ვალენსიისკენ რომ დავიძარით, სახლი არ გვქონდა მოძებნილი. რაღაც ჰოსტელი ვნახე, ფოტოებზე კარგი იყო, ადგილიც გვაწყობდა და რევიუებიც ნორმალური, შეფასება სადღაც 8/10-დან. შევათანხმე ბავშვებთან, ფასიც გვაწყობდა (10 ევრო) და დავჯავშნეთ.
თორმეტი იყო რომ ჩავედით, მოვძებნეთ ჰოსტელი, დავრეგისტრირდით, მოგვცეს თეთრეული და აგვიშვეს ოთახებში. მანქანა იქვე ხიდს გადაღმა კორპუსებს შორის პარკინზე დავტოვეთ.
გაყოფა გვიწევდა, 4 სხვა ოთახში, ორნი სხვაგან. მე და თეო ავედით ზედა სართულზე. ალბათ 9-10 კვადრატული მეტრი იქნებოდა ექვსკაციანი დორმი. კართანვე იდგა ჩვენი საწოლები. ერთი პატარა ფანჯარა ჰქონდა ოთახს, ჰაერი არ იყო, სივიწროვე. ნუ, კარგი.
ტუალეტში ქაღალდი არ იყო, ძირს გუბე იდგა. როგორც აღმოჩნდა, ხელსაბანი ყოფილა შხაპიც, ფარდას გადაიფარებ და იქვე დგახარ, ბანაობ. ბანაობის თემაც გამოირიცხა.
ჰოსტელს ვერანდა ჰქონდა მშვენიერი, დიდი დივანიც იდგა გაშლილი, გარეთ დაძინებაც შეიძლებოდა.
გავედით გარეთ, გვშიოდა, გვწყუროდა. მაკდონალსი იყო მხოლოდ ღია, ისიც 15 წუთში იკეტებოდა. სასწრაფოდ ვიყიდეთ საჭმელი და გამოვედით პარკში.
საყვარელმა ტარაკანამ გადაგვირბინა. მოზრდილი იყო, დაფრინავდა. არ შევიმჩნიეთ, ქუჩაში ტარაკანა რა გასაკვირია.
დასალევად სადმე ბარში უნდა შესულიყავი, გარეთ ბოთლს არ გატანდნენ, შიგნით ცხელოდა, მაღაზიები დაკეტილი იყო, მხოლოდ ცხრაჯერ გაყინულ-გამლღვალი ლუდი შეგეძლო გადამყიდველ პაკისტანელებთან გეშოვა.
ქუჩები სავსე იყო ბომჟებით. სანამ რამე დასაჯდომს ვიშოვიდით, მოვიარეთ მთელი ძველი ქალაქი და ვნახეთ ყველა ღირსშესანიშნაობა გარედან.
ბოლოს გადავწყვიტეთ ვერანდაზე დავმსხდარიყავით და დაგვეგეგმა მეორე დღე. ვერანდა დაკეტილი დაგვხვდა.
გაქცევის გეგმას ვამუშავებთ
ჩამოვედით ფოიეში, დავსხედით, ლეპტოპი გადავხსენით და მიმღების ბიჭმა 5 წუთში დაიშალეთ, შუქს ვაქრობო.
სანამ ავდექით, ჯერ ერთმა ტარაკანამ გაგვირბინა ფეხებში (ჰოსტელის ფოიეში), მერე მეორემ, მესამემ და გამოვიქეცით გარეთ.
ვსხედვართ და ვფიქრობთ, რა ვქნათ. მანქანაში ექვსივე ვერ დავეტევით, ნაწილს ოთახში შესვლა აღარ უნდა. ამ ფიქრში და ბოდიალში კი გავიდა დრო. ბოლოს გადავწყვიტეთ, რომ გვეცადა დარჩენა.
ავედით მე და თეო ოთახში. ტანზე გახდა არც გვიფიქრია. დავწექი და ვერ ვისვენებ, მგონია ტანზე დამდის ყველა ტარაკანა, რაც ვნახე. 5 წუთში თეოს მივწერე, წავედით აქედან-თქო და გამოვედით ჰოსტელიდან. დანარჩენები ისევ გარეთ იყვნენ.
სხვა საიტზე უნახავთ შეფასებები და ტარაკანას უკბენია ერთი ტურისტისთვის. ღამის 4 საათი იყო, სხვა დასარჩენს ვერ ვნახავდით, ვალენსიაზე გული ავიცრუეთ და გადავწყვიტეთ, გრანადაში წავსულიყავით. დავჯავშნეთ სასწრაფოდ სახლი და გავიქეცით მანქანისკენ.
ხიდზე გადასვლისას უშველებელმა ვირთხამ გადაგვირბინა :დ
ეს იყო იმ ღამის დაგვირგვინება.
დავჯექი საჭესთან და გუდბაი ვალენსია.
ეს ჰოსტელია და არ გაეკაროთ Center Valencia Youth Hostel

1 comment:

Natalia said...

არადა ფოტოებზე ნორმალურს გავს ეს ჰოსტელი :))
ბათუმში ვიყავი შარშან ტარაკნებიან სახლში, გახსენებაც არ მინდა, ბრრ