3.1.18

პატარა ამბები

#1
შესავალი
საშინლად ვერ ვიტან როცა ტრანსპორტში ვინმე მემგზავრება, რაც ავტომატურად ნიშნავს, რომ უნდა ვისაუბროთ, როცა ხშირად სალაპარაკო თემაც არ გვაქვს და ამ დროს ვერც მუსიკას ვუსმენ, ვერც ვკითხულობ.

ისტორია
უნივერსიტეტში ერთი ჯგუფელი მყავდა, ხშირად გვიწევდა ერთად მგზავრობა და ლიტერატურაზე ვსაუბრობდით ხოლმე. ძალიან სასიამოვნოდ გადიოდა დრო მაღლივიდან ავლაბრამდე.

ჰოდა, 2-3 კვირის წინ მეტროში, მატარებელში შესვლისას ვხედავ, კართან დგას, კითხულობს. ისე გამიხარდა, მივაჭერი პირდაპირ. ალბათ მასაც დავურღვიე მყუდროება, მაგრამ ძალიან გამიხარდა მისი ნახვა და თანაც წიგნით ხელში.


#2
დღეს, ასე, სრულიად მოულოდნელად, ადამიანმა, რომელიც თითქმის 10 წელია არ მინახავს, ძალიან თბილი მესიჯი მომწერა. კიდევ ერთხელ დავაფასე და გადავაფასე სოციალური ქსელის როლი დღევანდელ ცხოვრებაში.




29.12.17

დაშლა-არმოშლის

რაღაცნაირი წელი იყო, დაბალანსებული. კარგი, ცუდი, ყველაფერი იყო, თუმცა ჯამში უფრო კარგი იყო.

მაქსიკა გაიზარდა და უკვე სიტყვებით გადმოსცემს რა უნდა, როგორ უნდა. კარგი ბიჭია, წუწუნი რომ არ უყვარდეს.

თანამშრომლები შემიყვარდნენ. პოზიცია შევიცვალე და ვაკეთებ საქმეს, რაც მაინტერესებს.

ვიმოგზაურე ოთხ ქვეყანაში.

ახალ წელს ვხვდები არასაახალწლო განწყობით.

ტვინი კარგად მუშაობს, გული მაბრაზებს.

მოკლედ, კარგი წელი იყო. ჰოროსკოპი ამბობს, შემდეგი კიდევ უფრო კარგი იქნებაო და ველოდები.

ჰო, ეს სავარაუდოდ ბოლო პოსტია ბლოგზე. 

7.11.17

იტალია

არასდროს მქონია იტალიის მუღამი, მაგრამ რაც იქ დამხვდა, ფრიად გამაოცა.

მილანი დიდი არაფერი, მართლა საშოპინგოდ თუ წახვალ. ძალაინ მწვანეა იქაურობა, აივნებზე და სახურავებზე ტყეები აქვთ გაშენებული. ლამაზი ადგილია არხებს შორის ტერიტორია, ცენტრში. ფლი მარკეტი იყო და საინტერესო ნივთებიც იყიდებოდა. ძალიან მომეწონა დამოკიდებულება ძაღლების მიმართ. პარკში ცალკე ტერიტორიები ჰქონდათ გამოყოფილი. ვისურვებდი, რომ შემდეგ ცხოვრებაში ძაღლი ვიყო და ჩემი პატრონი მილანში ცხოვრობდეს.
ცენტრიც ვნახეთ, გარეუბნებიც. დიდად სისუფთავით არ გამოირჩევა.
მეტრო დიდია და დაკარგვაც შეიძლება თუ მოინდომებ.
თუ მაინცდამაინც მილანის ნახვა გინდათ, ერთი დღე სრულიად საკმარისია.

ფლორენცია არის უსაყვარლესი ადგილი. ცენტრში ულამაზესი დუომო დგას, მაგრამ შიგნიდან არაფერი არაა. ზემოთ, მთაზე მშვენიერი გადმოსახედია, ძალიან კარგი ხედი იშლება მთლიან ფლორენციაზე, აუცილებლად სანახავი ადგილია. ვიწრო ქუჩები, ბარები, ტურისტები, მუზეუმები, ქანდაკებები... 1,5 დღე ვიყავით და არ მეყო. ორშაბათობის მუზეუმები ისვენებდნენ და მაინცდამაინც ორშაბათს დავამთხვიეთ ჩვენი ვიზიტი. აუცილებლად დასაბრუნებელი ადგილების სიას მიემატა უდაოდ.

რომი მართლა გრანდიოზულია, არ მოველოდი, ასე თუ მომეწონებოდა. დადიხარ და შტერდები. ეს ძველი და ახალი გარემო ერთად... ძალიან მომეწონა მართლა, არ ველოდი.

ვატიკანის დასათვალიერებლად ნახევარი დღე სრულიად საკმარისი აღმოჩნდა, რიგების მიუხედავად. მუზეუმში ვიყავით და ეკლესიაში. მუზეუმში მართლა ძალიან კარგი კოლექციებია და სრულად თუ მოივლით დარბაზებს, ნახევარი დღე არ იქნება საკმარისი.

პადუა სულ შემთხვევით შემოგვენახა, ტრანსფერი გვქონდა და მოშიშვლებულ პარკინგზე დგომას და ავტობუსის ლოდინს, ღამის ქალაქში გასეირნება გადავწყვიტეთ. ძალიან საყვარელი სტუნდეტური ქალაქია. პარასკევი დაემთხვა და ოღრაშობა მიდიოდა, მაგრამ კარგად მახსენდება. მგონია, რომ ვერონაც ეგეთია და ჯულიეტა სადმე პადუას ქუჩებშიც მშვენივრად გაისეირნებდა რო რამე.


აშკარად ცხელ გულზე სჯობს პოსტების წერა, 
სანამ სიზარმაცე და გულმავიწყობა მოგკიდებს ხელს. 
ბევრი რამის თქმა შეიძლებოდა, მაგრამ ესაა რაცაა.

2.11.17

მოგზაურობა


მოგზაურობის დაგეგმვა თვითონ მოგზაურობაზე არანაკლებ სასიამოვნო პროცესია, ყოველ შემთხვევაში, ჩემთვის ასეა.
წლევანდელი მოგზაურობის დაგეგმვა ჯერ კიდევ წინა წლის ზამთარში დავიწყე. კუბა მოიაზრებოდა სექტემბერში. ანაბარიც კი გავხსენი, დავარქვი კუბა და ხელფასზე რაღაც თანხას იქით ვრიცხავდი, ოღონდ ხელფასამდე ნახევარს ვხარჯავდი. მერე კუბამეითებიც შემომეცალა და დავიკიდე.
მერე იყო შრი ლანკა, რომელიც ჩანაცვლდა ინდოეთით და ბილეთების ყიდვის წინ ლიდას გამოუცხადეს, რომ შვებულებას არ აძლევდნენ.
ასე, პოსტ ფაქტუმ გადაწყდა ევროპა. მოვძებნეთ ყველაზე იაფი ბილეთები ქუთაისი-მილანი, ბუდაპეშტი-ქუთაისი, 18 დღე, შუალედში სლოვენია-ხორვატიის მონახულების იმედით.
მერე დაიწყო ტურის დაგეგმვა, გადავქექეთ გუგლ სერჩი, ყველა ტურისტული საიტი, გავწერეთ დღეები, სად, რამდენი ხნით ვრჩებოდით, დავჯავშნეთ სახლები/ჰოსტელები და სექტემბერიც მოგვადგა კარს <3

16.8.17

ქლიავის ჯემი

ქლიავის ჩირის გაკეთება გადავწყვიტე. ქლიავი გავრეცხე, კურკები დავაცალე. ჩირის აპარატი ვერ ვნახე, გარაჟში ამიტანია. დავალაგე ლანგარზე და გადავდე ხვალისთვის.
ხვალისთვის, ანუ დღეს მოვედი სახლში დაბნელებულზე, გარაჟში შუქი არაა და დამეზარა აპარატის ჩამოთრევა. ქლიავი ფუჭდება არადა.
ჯემს გავაკეთებ-თქო.
მოვხარშე ქლიავი, გადავწურე. ჩამოვიღე ბლენდერი, ავავსე ქლიავით, ჩავრთე - არ მუშაობს.
გამოვიღე ჩოპერი, ავავსე ქლიავით, ჩავრთე - არ მუშაობს.
ჯანდაბას, ისე იყოს თქო, შევიხედე, შაქარი თავდება. მაღაზია დაკეტილია.
რა გამოვა, არ ვიცი. მაგრა გავერთე -.-

3.7.17

The Present Tense

შეშინებული კურდღელი გინახავთ?
გამომიარეთ ახლო მომავალში და ნახავთ.


23.6.17

შიშები

მანქანის მართვა რომ დავიწყე, ძალიან მეშინოდა ავლაბრის წრიულზე შესვლა, სადაც ჩემი სამოძრაო შუქნიშანი არ იყო და უნდა მომეხერხებინა გავმძვრალიყავი დიდ მოძრაობაში. ბევრჯერ გავძვერი და მივეჩვიე.
კიდევ ესტაკადების მეშინოდა, მერჩივნა გრძელი გზით მევლო. ბევრჯერ ავედი და გადავლახე.
სააკაძეზე, სანამ შუქნიშნებს დაამონტაჟებდნენ, კოსტავადან შარტავაზე გასვლისას ვცდილობდი მარშუტკის ან ავტობუსის მარცხნივ დავმდგარიყავი და იმათ გავყოლოდი. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ დროა, აღარ დაველოდო
არავის და გადავჭერი. მას მერე აღარ მეშინია.


ჩემი და ძაღლების სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. ჯერ კიდევ ბავშვობაში დავავლებდი ეზოში ნაპოვნ ლეკვებს ხელს და სახლში მიმყავდა, მერე ვუსმენდი მშობლების ლექციას, რომ ვერ დარჩებოდნენ და უკან მომყავდა.
არასდროს შემშინებია უცხო ძაღლის (ბიას ძაღლის გარდა).
თითქმის ერთი თვის წინ ეზოდან გამოსულს მეზობლის ძაღლი მეცა და მიკბინა, ორჯერ, ორივე ფეხზე. პირველ კბენაზე გაოცებული ვიყავი, ვერ მივხვდი, რატომ მეცა. მეორე ნაკბენი ისე მეტკინა, ვიკივლე.
რამდენიმე დღე სახლში ასვლისას ჯოხი მიმქონდა, მოსაგერიებლად.
ის ძაღლი მიაბეს და ალბათ აღარც აუშვებენ. მე არ ვყოფილვარ პირველი მსხვერპლი.
მას შემდეგ ძაღლების მეშინია ცოტა.
არ ვაღიარებდი, მაგრამ თვით ბალტოს დანახვაზეც კი გული მიჩქარდება და სანამ არ დავრწმუნდები, რომ არაფერს მიპირებს, ვერ ვმშვიდდები.
ბალტო ქუჩის ძაღლია, რომელსაც რამდენჯერმე საჭმლით გავუმასპინძლდი და მას მერე გადაწყვიტა, რომ ჩემთან ცხოვრობს. კართან წევს მაშინაც, როცა სახლში არ ვარ.
ძალიან მინდა ამ შიშმაც გამიაროს.



9.6.17

პროგრამა მაქსიმუმი

30 წლის ასაკში პროგრამა მინიმუმი ფრიადოსანი მოსწავლესავით შევასრულე:
  • ხე დავრგე;
  • სახლი ავაშენე;
  • ბიჭი გავაჩინე.
გარდა ამისა, მაქვს სტაბილური სამსახური, კარგი სამეგობრო წრე, არაჩვეულებრივი მშობლები, ძაღლი, მეტნაკლებად საინტერესო ცხოვრება.

ხუთი წლის შემდეგ მინდა, რომ:
  • ვნახო მინიმუმ 5 ქვეყანა;
  • ვისწავლო რამე ახალი (ეს ნაწილობრივ განვახორციელე, სწავლა დავიწყე და იმედი მაქვს ჩემი უჟმური "მასწავლებელი" ხუთი წლის შემდეგ მაინც მეტყვის, რომ კაიტიპი ვარ);
  • ხელფასი მქონდეს მინიმუმ 2-ჯერ მეტი;
  • სესხის ჩანართში ჩემი იპოთეკური სესხი აღარ ჩანდეს;
  • მოვიწყო სახელოსნო;
  • ჩემი ეზო იყოს ისეთი, როგორიც მინდა, რომ იყოს.
მშვიდობა მსოფლიოში, შვილი კარგად მყავდეს, გარშემო ყველა იღიმებოდეს, შიმშილით ხალხი არ კვდებოდეს და სხვა მის მსოფლიოს სფიჩიდან ისედაც იგულისხმება.

20.5.17

ოქროს წესი ბლოგერებისთვის

10 წელია რაც ეს ბლოგი არსებობს და მგონი სხვებიც დამეთანხმებით, რომ ორი ოქროს წესი არსებობს ყველა ბლოგერისთვის:

#1. არ გადაიკითხო ძველი პოსტები.
#2. არ გადაიკითხო ძველი პოსტები.

:D