23.6.17

შიშები

მანქანის მართვა რომ დავიწყე, ძალიან მეშინოდა ავლაბრის წრიულზე შესვლა, სადაც ჩემი სამოძრაო შუქნიშანი არ იყო და უნდა მომეხერხებინა გავმძვრალიყავი დიდ მოძრაობაში. ბევრჯერ გავძვერი და მივეჩვიე.
კიდევ ესტაკადების მეშინოდა, მერჩივნა გრძელი გზით მევლო. ბევრჯერ ავედი და გადავლახე.
სააკაძეზე, სანამ შუქნიშნებს დაამონტაჟებდნენ, კოსტავადან შარტავაზე გასვლისას ვცდილობდი მარშუტკის ან ავტობუსის მარცხნივ დავმდგარიყავი და იმათ გავყოლოდი. ერთხელაც გადავწყვიტე, რომ დროა, აღარ დაველოდო
არავის და გადავჭერი. მას მერე აღარ მეშინია.


ჩემი და ძაღლების სიყვარულის ისტორია წლებს ითვლის. ჯერ კიდევ ბავშვობაში დავავლებდი ეზოში ნაპოვნ ლეკვებს ხელს და სახლში მიმყავდა, მერე ვუსმენდი მშობლების ლექციას, რომ ვერ დარჩებოდნენ და უკან მომყავდა.
არასდროს შემშინებია უცხო ძაღლის (ბიას ძაღლის გარდა).
თითქმის ერთი თვის წინ ეზოდან გამოსულს მეზობლის ძაღლი მეცა და მიკბინა, ორჯერ, ორივე ფეხზე. პირველ კბენაზე გაოცებული ვიყავი, ვერ მივხვდი, რატომ მეცა. მეორე ნაკბენი ისე მეტკინა, ვიკივლე.
რამდენიმე დღე სახლში ასვლისას ჯოხი მიმქონდა, მოსაგერიებლად.
ის ძაღლი მიაბეს და ალბათ აღარც აუშვებენ. მე არ ვყოფილვარ პირველი მსხვერპლი.
მას შემდეგ ძაღლების მეშინია ცოტა.
არ ვაღიარებდი, მაგრამ თვით ბალტოს დანახვაზეც კი გული მიჩქარდება და სანამ არ დავრწმუნდები, რომ არაფერს მიპირებს, ვერ ვმშვიდდები.
ბალტო ქუჩის ძაღლია, რომელსაც რამდენჯერმე საჭმლით გავუმასპინძლდი და მას მერე გადაწყვიტა, რომ ჩემთან ცხოვრობს. კართან წევს მაშინაც, როცა სახლში არ ვარ.
ძალიან მინდა ამ შიშმაც გამიაროს.



1 comment:

Kiwi said...

ეჰ კუდა, როგორ მესმის შენი....

და ამ შემოპარული შიშების ხომ საერთოდ, საშინელებაა, მაგრამ მჯერა გაივლის <3