6.8.12

დღე მეოთხე (და მეხუთეც) – მწვანე კონცხი–ბახმარო

ქობულეთში რომ ჩახვალ, შეგიძლია პირდაპირ გააგრძელო გზა, აღმაშენებლისკენ არ გადაუხვიო და მოკლე გზით ჩახვალ პირდაპირ გურიაში. გზა დაკლაკნილია, კარგი. ჩოხატაურიდან გადაუხვევ და ბახმარომდე 56 კილომეტრია. გზად არის სოფელი ნაბეღლავი და შეგიძლიათ, წყალი დააგემოვნოთ. ბორჯომისგან განსხვავებით, აქ წყალს ბოთლის ნაბეღლავის გემო აქვს, ოღონდ თბილია და ნაკლები გაზით. გაითვალისწინეთ, რომ რიგი დგას ცოცხალი.
მერე იწყება სულ აღმართები და მისახვევ–მოსახვევები, ამიტომ ვინმეს მგზავრობა თუ გწყენთ, წინასწარ მიიღეთ შესაბამისი ზომები. შესასვლელში დიდი აბრა დგას "მე <3 ბახმარო" და გაფრთხილება, რომ იქაურობას იცავს დაცვის პოლიცია "მგლები" და რამე არ მიქაროთ :)

ჰოო, ბახმარო... ჩვენ პატარა ბახმაროში გადავედით,  "კოცონი თუ გინდებიენ", იქ წადითო. უბრალოდ გზად უნდა გადალახოთ მდინარე ჯერ მანქანით, მერე ფეხით და მშვენიერ ფერდზე აღმოჩნდებით, ცოტა უსწორმასწოროა კარვის გასაშლელად, მაგრამ მზეც უდგება, ჩრდილიც დგას, იქვე ტყეა, ცეცხლის ადგილი, გადაჭრილი მორები, რომლებიც მაგიდის ფუნქციას მშვენივრად ასრულებენ. მოკლედ, მშვენიერი ადგილია დასაბანაკებლად, მაგრამ... ჩვენდა სამწუხაროდ, კარვები რომ გავშალეთ, ჩვენს წინ სახლში დამსვენებლები ჩამოვიდნენ და ერთი კაპასი გურული ქალი ჩამოიყვანეს :D
იქაურობა ისე მოგვეწონა, რომ ერთის ნაცვლად ორი ღამე დავრჩით "კარვის ეშხით".


მეორე დღე სიზარმაცის დღედ გამოვაცხადეთ. მთელი დღე ვეყარეთ ძირს, ვკითხულობდით (სამი კაცი ერთ წიგნს რიგრიგობით :D ), ვირუჯებოდით (დღის ბოლოს მე შორტი მეხატა, მარიამს და თორნიკეს – მაიკები და ჯიბლას – ნასკები)... საღამოს ცენტრში გავედით პროდუქტების საყიდლად და ერთმა გურულმა კაცმა ჩვენი მოტყუება სცადა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, სულ კაპიკ–კაპიკ ჩავუთვალეთ ფული. ისიც ეყოს, ძვირი ფასები რომ დაადო ჩვენს დანახვაზე. მერე კარუსელების მეპატრონემ მობილური დაგვატენინა, ჯიბლას სპირტი ასვა, დაგვლოცა და გამოგვიშვა.


რჩევა:
- გასინჯეთ იქაური არაჟანი, იგივე კაიმაღი;
- წყალი მოიმარაგეთ, თორემ სასმელი წყალი ჭირს;
- თბილი ტანსაცმელი არ დაგრჩეთ;
- ბუნებას ნუ დააბინძურებთ, მაინც გარემოა და.. :D


2 comments:

Grigol Makharadze said...

ფოტოზე რაც ჩანს ეს პატარა ბახმარო არაა, პიონერის ქუჩაა, მაგრამ ეგ არაფერი :))

კარგია ასეთი მოგზაურობა, მეც ვიმოგზაურებდი

kuda said...

კი, პიონერის ქუჩაა და მაქედან გავდიოდით ბოლოსკენ და რავი, იქაურს რომ დავანახეთ, პატარა ბახმაროში ყოფილხართო :)