Showing posts with label სამზარეულო. Show all posts
Showing posts with label სამზარეულო. Show all posts

16.8.17

ქლიავის ჯემი

ქლიავის ჩირის გაკეთება გადავწყვიტე. ქლიავი გავრეცხე, კურკები დავაცალე. ჩირის აპარატი ვერ ვნახე, გარაჟში ამიტანია. დავალაგე ლანგარზე და გადავდე ხვალისთვის.
ხვალისთვის, ანუ დღეს მოვედი სახლში დაბნელებულზე, გარაჟში შუქი არაა და დამეზარა აპარატის ჩამოთრევა. ქლიავი ფუჭდება არადა.
ჯემს გავაკეთებ-თქო.
მოვხარშე ქლიავი, გადავწურე. ჩამოვიღე ბლენდერი, ავავსე ქლიავით, ჩავრთე - არ მუშაობს.
გამოვიღე ჩოპერი, ავავსე ქლიავით, ჩავრთე - არ მუშაობს.
ჯანდაბას, ისე იყოს თქო, შევიხედე, შაქარი თავდება. მაღაზია დაკეტილია.
რა გამოვა, არ ვიცი. მაგრა გავერთე -.-

7.7.14

ქათამი ბოსტნეულის რაგუთი მექსიკურ მოტივებზე

იცით ჩემი ერთ-ერთი ჰობი რა არის? მზარეულობა. ძალიან მიყვარს, ოღონდ ყოველდღიური სახით არა. ხასიათზე უნდა ვიყო და სასურველია მარტო. მუსიკა უნდა იყოს ჩართული და განწყობაც შესაბამისი. განსაკუთრებით მიყვარს სხვადასხვა არომატების ერთმანეთში არევა და ექსპერიმენტები. თან ეტყობა "ხელიც კარგი მაქვს", გემრიელი გამოდის ხოლმე როგორც წესი.
ეს რეცეპტი მექსიკური კულინარიის წიგნში ვნახე, ცოტა რაღაცები შევცვალე და მინდა გითრათ, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე. მართალია, მშიერი ვერავინ ვიპოვე და მეორე დღეს მოგვიწია დაგემოვნება, მაგრა შეიძლება უკეთესიც არის, კარგად ჰქონდა გემო გამჯდარი.


მასალა:
1ც. პატარა ხახვი
2 კბილი ნიორი
1ს/კ დარიჩინი
3 ც. ქათმის ბარკალი
2ც. სტაფილო
2ც. ყაბაყი
3ც. კარტოფილი
2 ფოთოლი დაფნა
200გრ. თეთრი მშრალი ღვინო
მარილი გემოვნებით
ზეთი და კარაქი - თვალის ზომით
1ს/კ სახამებელი

მომზადების დრო:
25 საათი :)

მომზადება:
ხახვი და ნიორი დავნაყოთო, რეცეპტმა მითხრა, მაგრამ მე სანაყი არ მაქვს, ამიტომ ჯერ წვრილად დავჭერი, მერე ჩანგლით დავჭყლიტე. ავურიე დარიჩინი და მარილი და წავუსვი ორად დაჭრილ ბარკლებს, რომელსაც წინასწარ გავაცალე კანი (არ ვარგა კანი, არა). ჩავდე კონტეინერში და შევდგი მაცივარში 1 დღით. თუ ვირუსების პერიოდია, არ შეგეშინდეთ. ისეთი ნივრის არომატი იდგა, ვერცერთი ბაცილა ვერ შემოვა სახლში :D
მეორე დღეს გამოვიღე მაცივდირან დამარინადებული ქათამი, ზეთიან-კარაქიან ტაფაზე დავბრაწე 15 წუთით ორივე მხრიდან, გადავასკუპე მოზრდილ ქვაბში, დავასხი 500გრ. ბულიონი (1 ცალი გალინა ბლანკას კუბიკი გავხსენი წყალში, მარტივად გამოვედი :D), დავამატე 2 ფოთოლი დაფნა და დავტოვე თავდახურული საშუალო ცეცხლზე 30 წუთით.
ამასობაში ბოსტნეულის დროც მოვიდა. გავრეცხე კარტოფილი,ყაბაყი და სტაფილო, დავჭერი მრგვალ ნაჭრებად და სათითაოდ მოვხარშე მარილწყალში.
ხორცი რომ მოიხარშა, დავასხი თეთრი ღვინო და ცოტა ხანი თავახდილი დუღდა, რომ აორთქლებულიყო ალკოჰოლი. დავაყარე თავზე ბოსტნეული და მოვასხი სახამებლიანი წყალი (1ს/კ სახამებელი + 3ს/კ წყალი).

დასკვნა:
დარიჩინის და ნივრის ნაზავი საინტერესო გამოდგა. ძალიან მკაფიო გემო ჰქონდა ხორცსაც და ბოსტნეულსაც. ყაბაყი მგონი ზედმეტი იყო. მე არ მიყვარს და არც გამისინჯავს. ხო, ყურადღებით იყავით მარილთან, ვინაიდან ქათამიც მარილში მარინადდება, ბულიონის კუბიკსაც მარილი აქვს, ბოსტნეულიც მარილწყალში იხარშება. ცალკე დამატება აღარ გჭირდებათ ნამდვილად.

ესეც უხარისხო ფოტო:





25.6.14

ცივი ჩაი - გრეიფრუტს + პიტნა

ხომ გახსოვთ მაცივარში ობლად მიტოვებული გრეიფრუტი? ერთი ცალი იყო კიდევ დარჩენილი და გადავწყვიტე, მისთვისაც მეშველა. გავაკეთე ცივი ჩაი და უგემრიელესი გამოვიდა From Millan.Net

მასალა:
1 მოზრდილი გრეიფრუტი
პიტნა გემოვნებით
ნახევარი ჭიქა შაქარი
წყალი
3 ცალი ჩაის პაკეტი

მომზადება:
გრეიფრუტი გავფრცქვენი, დავაცალე შიგნით კანები, ჩავყარე ჯამში, დავაყარე ბევრი პიტნა, ნახევარი ჭიქა შაქარი და დავტოვე ნახევარი საათით. ცოტა წვენი რომ გამოიღო, დავამატე ნახევარი ჭიქა წყალი და შევდგი დაბალ ცეცხლზე შაქრის გადმობამდე. გადმოვირე ცეცხლიდან და დავტოვე გასაცივებლად.
ცალკე ავიღე 3 დიდი ჩაისჭიქა მდუღარე წყალი,  ჩავდე 3 პაკეტი ჩაი (გურიელის შავი ბერგამოტით), დავაყოვნე 5-7 წუთი და ამოვიღე. ესეც დავტოვე გასაცივებლად.
რომ შეგრილდა ორივე, გადავასხი ერთ ჭურჭელში, მოვურიე და ვადადე, სანამ ოთახის ტემპერატურამდე გაცივდებოდა. მერე შევდგი მაცივარში.

საღამოს ჭიქა გავავსე ყინულებით, დავასხი ცივი ჩაი და ოჰ, მერწმუნეთ, ეს იყო რაღაც..

From Millan.Net

17.6.14

...მაგრამ ყველას მირჩევნია 1 ჭიქა ლიმონათი ^_^

ნუუ, გაზიანი ლიმონათის მოყვარული ნამდვილად არ ვარ, მაგრამ ამ ბოლო დროს ისეთ უგაზო ლიმონათებს ვაკეთებ, ჩემი თავით აღფრთოვანებული ვარ ხოლმე.
ესეც ერთ-ერთი ჩემეული ლიმონათია, საწყლად მიგდებული გრეიფრუტით და ქორფა პიტნებით შთაგონებული. თუ მოგეწონებათ, შეგიძლიათ სცადოთ, უმარტივესი და უგემრიელესია.

მასალა:
1 ცალი მოზრდილი გრეიფრუტი
1 ცალი ლაიმი
პიტნა გემოვნებით
1 კოვზი თაფლი
1 კოვზი შაქარი
ნახევარი ჭიქა წყალი

გრეიფრუტი გავარჩიე კარგად, კანს სიმწარე რომ დაყვება, არ მიყვარს. ჩავყარე ჯამში. დავაყარე კანიანად დაჭრილი ლაიმი, დაგლეჯილი პიტნის ფურცლები, თაფლი მოვასხი, შაქარიც მოვაყარე, ცოტა წყალიც დავუმატე და ხის კოვზით დავსრისე. დავაფარე თავზე და შევდგი მაცივარში. ამასობაში საყინულეში მზადდებოდა ყინულის კუბიკები პიტნის ფოთლებით ^_^

საღამოს გამოვიღე მაცივრიდან მასა, დავამატე წყალი, კარგად მოვურიე და ყინულებიან ჭიქებში ჩამოვასხი. 4 ჭიქა გაივსო. ცალკეც გადასარევია და სასმელზე მისაყოლებლადაც.

მთავარი პრინციპი ამ ლიმონათების მგონი ფანტაზია და მარჯვე ხელებია. პრინციპში მხოლოდ ფანტაზიაც სავსებით საკმარისია :D

10.11.13

ზეითუნის ზეთში პომიდვრები ბანაობენ

ოდესმე რეცეპტით საჭმელი შეგყვარებიათ? ასე დამემართა პომიდვრის ჩირზე. ისე კარგად გამოიყურებოდა, ისე გემრიელად იკითხებოდა, რომ აუცილებლად უნდა გამეკეთებინა. ბედზე, დედას ხილ–ბოსტნეულის საშრობი აჩუქეს და ესეც ნიშანი ზემოდან.
კეთდება მარტივად. გამოშრობას დიდი დრო უნდა, მაგრამ რომ დაალაგებ ფირფიტაზე და ჩართავ, მერე არც წყალს გთხოვს, არც პურს, არც ყურადღებას. 2–3 ჯერ შეხედავ 2–3 საათში ერთხელ და ეგ არის.
რეცეპტი შეგიძლიათ იხილოთ აქ.
ზემოდან ჩვეულებრივი ქართული იმერული ყველის ნაჭრები მოვალაგე, ზეთით ამოვავსე ქილა და შევდგი მაცივარში გასაჟღინთად.
ახლა გემო. პირველ გასინჯვაზე ვერ გადავირიე, ცოტა გულიც დამწყდა, ამდენ ხანს რომ ველოდებოდი. მეორე გასინჯვაზე მომეწონა. მესამე გასინჯვაზე ომნომნომნომ :)
მეტი აღარ გამისინჯავს, ახლა პიცაზე მინდა მოვსინჯო ყველიც და პომიდორიც.
ხო, რაც არ მომეწონა, თუმცა თავიდანვე მოსალოდნელი იყო. პურის გარეშე არ იჭმევა :D

13.11.12

ინდური სამზარეულო

მეგობრებმა გადავწყვიტეთ, რომ ვინაიდან ჩვენი შეხვედრები ჭამა–სმას არ სცდება, სასიამოვნოს სასარგებლო და საინტერესოც შევმატოთ და დავაგემოვნოთ სხვადასხვა ქვეყნის სამზარეულოები. პირველი გასვლა იაპონურში იყო დაგეგმილი, მაგრამ მიზეზთა გამო, ინდურ რესტორან მაჰარაჯაში აღმოვჩნდით.

ატმოსფერო:
ბევრად უფრო ხასხასა გარემოს ველოდი და დაგვხვდა მუქი წითელი და ყავისფერი ტონები. დარბაზი დიდი არაა, მაგრამ ჩვენს გარდა არც არავინ იყო. მუსიკა – რა თქმა უნდა – ინდური. თავიდან გსიამოვნებს და მერე ნერვებს გიშლის.

მენიუ:
საკამოდ დიდი არჩევანია, დასახელების ქვეშ შემცველობაც წერია მეტნაკლებად. ფასები – ძვირი. ჩვენ მიმტანს ვუხმეთ და ისიც დაუზარებლად გვიხსნიდა, რომელი კერძი რისგან მზადდება, რას რა უხდება, რომელ სუნელს შეიცავს და ა.შ.

საჭმელი:
მმმ.. მოდი, პირდაპირ ვიტყვი – არაფერი განსაკუთრებული. გავსინჯე შემწვარი ქათამი და თევზი, ჩვეულებრივი, საფანელში ამოვლებული და ბევრ ზეთში შემწვარის შთაბეჭდილება დატოვა; ბრინჯი ბოსტნეულით, ჩვეულებრივსაც რომ ვერ უწოდებ – არ მომეწონა. პურის არჩევანია დიდი: ნივრით, კარტოფილით, ბოსტნეულით, წიწაკით.. ცუდი არ იყო. მე წიწაკიანი შევუკვეთე, ზემოდან წვრილად დაჭრილი კიტრი და პომიდორი ჰქონდა მოყრილი. დანარჩენი ხორციანი კერძები რაც იყო,  ქათმის ჩვეულებრივი ჩახოხბილის გემოზე ვჭამე და ცხვრის არ გამისინჯავს, მაგრამ ჯემა უკმაყოფილო დარჩა. თუმცა იყო ერთი კერძი, რომელიც იმ დღის ფავორიტი გახდა – ქათამი ისპანახში. თვითონ ეს ისპანახი იყო დაბლენდერებული და ისე შეზავებული, რომ სულ არ სჭირდებოდა ქათამი, ყოველ შემთხვევაში, მე არ მიჭამია, მარტო ეს სოუსი ვასხი ცალკე პურს და ცალკე ბრინჯს. სხვა მგონი არაფერი შეგვიკვეთავს. ა, ხო, მაწვნისა და ბოსტნეულის საწებელი იყო კიდევ, დიდი ვერაფერი.

Lassi
სასმელი:
ნაციონალური ალკოჰოლური არაფერი იყო, სამაგიეროდ შეგიძლიათ დააგემოვნოთ ინდური შავი ჩაი, ჩაი რძით ან ლასი, როგორც ტკბილი, ასევე მარილიან–სუნელებიანი. ინგლისის სიყვარულის გამო, რამდენჯერმე ვცადე რძიანი ჩაის დალევა, მარა საოცრებები გამოდიოდა, ამიტომ მე რძიანი ჩაი ავირჩიე და ცუდი არ იყო, ყავის გემო და არომატი დაჰკრავდა. ჯემამ გარისკა და ლასი აიღო ძირით. წარმოიდგინეთ, დაბლენდერებული მაწონი, ძირა და წყალი. წარმოიდგინეთ? ახლა სახე გაასწორეთ, ძალიან გემრიელი იყო, აკროშკის წვენს ჰგავდა. მგონი ნაბახუსევზე არ იქნება ურიგო და ზაფხულში მისწრება იქნება.

დასკვნა:
ან ეს ინდური არ იყო ინდური, ან ზოგადად ინდური საჭმელი არ მოგვეწონა.