7.8.12

დღე მეექვსე – გურია–იმერეთი–სამეგრელო–იმერეთი ანუ დალიე! დალიე! დალიე!

დილით წამოვედით ბახმაროდან, გზად ცხელი პური ვიყიდეთ და დარჩენილი არაჟანი ამოვწმინდეთ ქილიდან. იფ, იფ, ხელზე რომ გადნება. ბავშვობა გამახსენდა, მაშინ მიყვარდა ცხელ პურზე კარაქს რომ გადაუსმევდი და დნობისთვის რომ უნდა მოგესწრო. ეგეთი გემო ჰქონდა.
ძროხები ხომ ყველგან შუა გზაზე დადიან და უსიგნალე რამდენიც გინდა, თუ არ მოერიდე, თვითონ სულაც არ გადავა გზიდან. ჰოდა ერთს თორნიკემ ძალიან ახლოს გაუარა და იმანაც უკანალი გამოაქნია და სარკე მოგვაძრო. კიდევ კარგი, კბილანებიდან ამოვარდა, ჩავსვით და წამოვედით.
მერე ჩამოვედით ოზურგეთში, სამტრედიისკენ მივდიოდით. ხუთი კაცი გავაჩერეთ გზად, ხუთივემ სხვა გზით გაგვიშვა. ბოლოს, ამოგვივიდა ყელში წრეზე სიარული და პირველ ჩვენებას მივაწექით, საიდანაც ჩვენით ავიღეთ გეზი და ერთ–ერთმა გვირჩია, იქით წავედით. გაგვიმართლა, სწორ გზას დავადექით.
ჯანჯუხი იცით რა არის? იმერული ჩურჩხელაა. თხილით და თხელი ფელამუშით კეთდება. ჯანჯუხი თუ ერქვა, არ ვიცოდი, თორემ ბებია სულ მასეთებს აკეთებს ხოლმე. გზად შეგხვდებათ და ვინმეს თუ უფულოდ დატოვებთ, წყევლა არ აგცდებათ :D
მერე სამტრედია –> ხონი –> მათხოჯი.
ჩემს სოფელში გავიარეთ, ბარგი ამოვყარეთ, ამოისუნთქა მანქანამ და წავედით მარტვილში, კანიონების საძებნელად. ვიღაც კაცი გავაჩერეთ და ვეკითხები, სასამართლო სად არისო. მიხსნის რაღაცას, კი ვუსმენ, მაგრამ აშკარად არ მესმის არაფერი. მერე მივხვდი, მეგრულად მიაყარა და რომ გაიგო, იქაური არ ვიყავი, წამიყვანა და დამანახა შენობა :))
მარტვილის კანიონი – ოოოოო, ეს უნდა ნახოთ. მარტვილიდან 3 კილომეტრშია, სოფლის სახელი ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ გაჭედილის მიმართულებით უნდა წახვიდეთ და სასაფლაოს როგორც კი გასცდებით, გზას ქვემოთ ჩაყევით. ბევრია ხალხია და მიგნება არ გაგიჭირდებათ.
კანიონი
შესასვლელშივე ძალიან ლამაზია იქაურობა. ნავები დგას და ერთი გზა 20 ლარი ღირს, რამდენი კაცი დასხდებით, მნიშვნელობა არ აქვს. რჩევა: თუ ცურვა იცით, არ გადაყაროთ ფული ტყუილად, სულ რააღაც 350 მეტრია, ალაგ–ალაგ წყალი კოჭებამდეა და გაცურავთ თავისუფლად, ოღონდ წყალია ძალიან ძალიან ცივი და გაითვალისწინეთ.
ბოლოში ნახავთ დინოზავრის თავს. მართლა დინოზავრია. არ ვიცი, შეიძლება ტურისტების მოსაზიდად გამოთალეს, მაგრამ ნამდვილს ძალიან ჰგავს. მეორე მხარეს ხორხის და პირის ღრუს მსგავსი ნაწილებია. რომ გახვალთ, იკითხეთ და დაგანახებენ.
დინოზავრის თავი დავინახეთ და გვიხარია :D
სალხინო – ჯიბლას თქმის არ იყოს, აქ რატომ წავედით, არ ვიცი :)) დადიანების საკურორტო სახლია. არ გვქონდა გეგმაში, მაგრამ რუკაზე რომ დავიხედე, ახლოს ჩანდა და წავედით. მართლა იქვეა, ალბათ 10–12 კილომეტრი იქნება და სანახავად კი ღირს, მაგრამ ყველგან აკრძალვის ნიშნები დგას, სახლიც დაკეტილი იყო. კი, ძალიან ლამაზი ჭიშკარია, ლამაზი ეზო, ლამაზი მოლი, იქვე კარეტაც დგას, მარცხნივ ბერების საცხოვრებელი კომპლექსია, მაგრამ  თვალი უნდა მოავლო და გამოხვიდე. ჰოდა ჩვენც ასე მოვიქეცით.
მერე იყო რაც იყო. სოფელში დავბრუნდით ჩემთან და ბიძაჩემმა დაათრო ბიჭები.
პირველად, ამ დროის მანძილზე წესიერად ვიბანავეთ. ნუ ბათუმში წყლის გადავლება ყველას დასანახად და მწვანე კონცხზე მოფარებულში, მაგრამ ჩრდილი რომ შენს ყველა მოძრაობას იმეორებს, ეგენი არ ითვლება. ჩამოვიბანეთ მთელი კვირის ჭუჭყი და პირველად ლოგინებში დავიძინეთ.
ჰო კორსაც არ დაგვრჩა ნაწყენი, სანამ თორნიკე და ჯიბლა ჩემს ერთი წლის ბიძაშვილს უვლიდნენ, მე და მარიამმა გავრეცხეთ ^^ მაგრამ დილით ხელის ყველა მოძრაობა ეტყობოდა :D


No comments: