17.5.17

you don't know me

ჩართე
ძალიან არ მიყვარს ადამიანების დაყოფა რაიმე ნიშნით, გემოვნებით, ჩაცმულობით, ინტერესებით, რავი, მილიონი რამე შეიძლება იყოს. ყველა ისეთია, როგორიც არის.

მეც ისეთი ვარ, როგორიც ვარ. კომფორტული ჩაცმულობა მიყვარს, სევდიანი მუსიკა, მარტო ცეკვა და ღვინის წრუპვა, ფეხით სიარული, "ჟიზნენი" დრამები, ისეთი ბარები, თავი რომ სახლში გგონია და არაფერში შეზღუდული არ ხარ.

ჰოდა, რატომ ვწერ ამაზე. ცოტა ხნის წინ აღმოვაჩინე, რომ ზოგს უცნაური ვგონივარ და გამიკვირდა. ისე, რა საინტერესოა სხვები როგორ გხედავენ და რას ფიქრობენ შენზე. საინტერესოა, ოღონდ იმ კუთხით არა, რომ მერე ადგე და რამე შეცვალო ან შეიცვალო. უბრალოდ, კარგი იქნებოდა საკუთარი თავის დანახვა სხვა ადამიანის თვალით.


26.4.17

ყველაფერი მარტივი გენიალურია

ურთიერთობებზეც ასეა, აი, მარტივად, არაფერს რომ ელი და არც დასაწყისი აქვს ამ ყველაფერს, არც აწმყო და მითუმეტეს არც მომავალი. სამაგიეროდ იმ დღეს, იმ წუთს გიხარია და მორჩა, აქ მთავრდება ყველაფერი.

არც ფორმაში ყოფნა გეზარება, არც გამოპრანჭვა, რა იცი, სად გადაეყარო.

უფრო საკუთარი თავისთვის აკეთებ ყველაფერს და სხვისი, თუნდაც იმ ობიექტის აზრი ნაკლებად გადარდებს.

არ ვიცი ამას რა ქვია. ჩემთვის ეს კარგად ყოფნა და გაზაფხულია :)
Bloom by Xuan loc Xuan

18.4.17

ბლაბლაბლა

ისე მიხარია 30 წელი, როგორც არცერთი დაბადების დღე არ გამხარებია. არ ვიცი, რას ველი. ასე მგონია, 20-ში გავიღვიძებ და ყველაფერი იქნება უკეთესად, ასე, უცებ.


წელს გრანდიოზული გეგმა მქონდა, ეზოში უნდა გადამეხადა დიდი დაბადების დღე. ერთი თვის წინ დავჭერი ნაჭრები, მოვხატე, შევკერე, ეზოში უნდა გამება დიდი happy birthday. ჩამოვწერე მენიუ და მეგობრების სია. მოკლედ, ყველაფერი დავგეგმე და... სახლზე ჯავშანი მოვიდა, 21-დან გაქირავებულია. ასე ჩამეყარა წყალში ყველაფერი, მაგრამ...
როცა ლიდასნაირი მეგობარი გყავს, ყველაფერი გამოვა. წვეულება დაგეგმა. მე ჩემი ფერიის კაბით უნდა მივიდე და გავერთო, სხვა დანარჩენზე ის ზრუნავს.

მინდა ჩამოვწერო მიზნები შემდეგი 5 წლისთვის და მერე ამ გეგმების შესრულებაზე ვიზრუნო. პირობას ვდებ ბლოგის ორმოცდაათივე მკითხველის წინაშე :D



21.2.17

Unknown Pleasures

წერის ხასიათზე მოვედი.
სამსახურში ჯიმეილი დაბლოკილია, შესაბამისად ჩემი კი არა, სხვისი ბლოგებიც არ მინახავს დიდი ხანია.
სამსახური შევიცვალე. თავიდან ძალიან არ მომწონდა აქაურობა, მერე მივეჩვიე და ახლა მომწონს გარემო. ცოტა ექშენი მაკლია, თუმცა ადამიანური ურთიერთობები ავსებს დანაკლისს.

მაქსიმუსი იზრდება, ცელქდება. სახლში გვიან მივდივარ და ცოტა ხნით ვხედავ, მაგრამ რომ დამინახავს, სულ ზედ მკიდია. რომ ჩამეხუტება, მზად ვარ ყველა უძილო ღამე ვაპატიო, ასეთი კი ბევრია, თითქმის ყველა ღამე მას შემდეგ, რაც გაჩნდა ))

წინა წელი სავსე იყო საყვარელი ჯგუფებით და შემსრულებლებით. ამაზე ცალკე დავწერ ოდესმე, მინდა შემენახოს ემოციები, სანამ გაცივდა. ეს წელიც ჯეი ჯეი იოჰანსონის კეთილი ხმით დაიწყო და ჯერ ასევე კეთილად გრძელდება.

ჰოდა, არც კი ვიცი რა დავწერო. კარგად ვარ, რაღაცნაირად, მშვიდად. რაღაცები მიხარია, რაღაცები აღარ მაღელვებს. ისეთი პერიოდი მაქვს, ხავერდის.


27.10.16

ბრმა პაემანი ორიჯისთან

პირველად მოხდა, რომ კონცერტზე წავედი ბრმად ან ყრუდ, უფრო მოუხდება. წავედი იმიტომ, რომ ისეთი ხალხის აღფრთოვანებული პოსტები წავიკითხე, ვის გემოვნებასაც ვენდობი. არ მოვუსმინე არც ერთ სიმღერას თუ ჩანაწერს. მინდოდა სიურპრიზი ყოფილიყო და...
ძალიან აღფრთოვანებული წამოვედი.
Psychic TV

19.10.16

24 საათი

01:00 - დავიძინე.
02:40 - მაქსიმეს მოშივდა, რძე გავუკეთე, ჭამა, დავიძინე. უკვე დაპროგრამებულივით ვდგები ხოლმე წამოტირებაზე, გავდივარ სამზარეულოში, შუქს ვანთებ და ვცდილობ, თვალები ბოლომდე არ გავახილო, რომ არ გამოვფხიზლდე.
06:30 - მაქსიმეს მოშივდა, რძე გავუკეთე, ჭამა, დავიძინე. იგივე.
07:30 - მაღვიძარამ დარეკა.
07:40 - snooze
07:50 - snooze
08:00 - ავდექი, სხვა რა გზა მაქვს.
09:00 - სამსახურში ვარ. გამიმართლა, პარკინგზე 5 წუთიც არ დამიხარჯავს, ადგილი მალე ვიპოვე.
13:00 - კამექსში გავიარე, ჩემი პოლასჩოისები ჩამოვიდა. ამაზე ცალკე უნდა დავწერო.
16:00 - მოვრჩი მუშაობას, წავედი სახლში. -1 საათი სამუშაო დრო. უძილობის ბენეფიტი.
19:00 - შეხვედრა მაქვს. ნახევარი საათი დავკარგე საცობში. ამ დროს მანქანით გასვლა არ ღირს.
21:30 - მოვედი სახლში, შევვარდი სამზარეულოში, გავაკეთე ლობიო ავოკადოთი, ხილის სალათა და ბოსტნეული მაწვნით.
23:00 - შეკვეთა მაქვს დასახატი, ასაწყობი. ადრე დაძინება არ გამოდის.
01:00 - საბანში გავეხვიე და დავიძინე.

15.10.16

პორტო

დრაფტებში დამრჩენია ეს პოსტი. უპორტობა როგორ იქნება...

დილით დავიძარით ესპოზენდედან, მანქანის ავზი საწვავით ავავსეთ და მივედით europcar-ის ოფისში. ცოტა სანერვიულო იყო, ვაიდა მანქანა არ მოსწონებოდათ? ან საგზაო ჯარიმები დაგვხვედროდა? თან დაჯავშნისას ვიცოდით, რომ 350 ევრო უნდა გადაგვეხადა მანქანის დაბრუნებისას, რახან სხვა ქვეყანაში ვტოვებდით. მოკლედ, მივედით, გადმოვაბარგეთ ჩანთები, ნაწილი შევიდა მანქანის დასაბრუნებლად და გასაღების ჩაბარებისას 20 ევრო გადაახდევინეს მხოლოდ, რაღაც მომსახურების, არ მახსოვს რისი. გამოვიდნენ გაოცებულები, 350 ევრო არ მოუთხოვიათო. დავტაცეთ ჩანთებს ხელები და გამოვიქეცით :)))

აეროპორტში შევიარეთ, ბარგი დავტოვეთ. ძალიან მოსახერხებელია, ძვირიც არ გამოვა. ერთი განყოფილება ავიღეთ და 16 ევრო (მგონი) გადავიხადეთ ორ დღეში.

სახლთან ჰოსტის დედა და ბებია დაგვხვდნენ. დაგვაბინავეს, გვირჩიეს, ცნობილი პორტუგალიური ბურგერი ჭამეთო და ერთი ბოთლი პორტვეინი გვაჩუქეს.

ძალიან მშივრები პირველივე ღია კაფეში შევედით. კვირას მოგვიწია ჩასვლა და თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო. 6 ცალი francesinha შევუკვეთეთ. ეს პორტოს საფირმო ბურგერი ყოფილა. საკმაოდ დიდი პორციაა და მსუყე. არ გადავრეულვარ, თუმცა გემრიელი იყო.

მერე ბევრი ვიბოდიალეთ ქუჩებში. რაღაცნაირი მშვიდია იქაურობა. შეიძლება კვირა რომ იყო, იმიტომ? ან არსად რომ აღარ გვეჩქარებოდა? არ ვიცი, რაღაცნაირად მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე პირველად განვიტვირთე.

მერე ვიღაც რუსებმა ხუთ ევროდ მოგვცეს ტრამვაის ორი ბილეთი, ვადა ჰქონდა ჯერ და ულიმიტო ასვლა შეგეძლო. მე და თეო ავედით ერთში, ბოლო გაჩერებაზე გადავსხედით მეორეში, მესამეს დააგვიანდა და აღარ დაველოდეთ. ძალიან სასაცილო იყო სიტუაცია, სკამის საზურგე შეგეძლო გადაგეწია და 180 გრადუსით ბრუნდებოდი. თან სულ ტურისტები ვიყავით და სამოძრაო მანძილიც ცოტა იყო. აი, მესამესაც რომ დავლოდებოდით, გაგვიყვანდა სანაპიროზე, სადაც შუქურა დგას. ეს მეორე დღეს გავაცნობიერე და ვინანე, თუმცა მაინც დრო გვეწურებოდა და თან აუცილებლად ვაპირებ პორტოში დაბრუნებას.

უკანა გზაზე რაღაც ვინთიჯ მაღაზია-კაფეში აღმოვჩნდით. ეს იყო საოცრება. გარეთ კაფე ჰქონდა, შიგნით ძველი საწყობი საოცარი ნივთებით. აუცილებლად სანახავი ადგილია, თან ცენტრთან ახლოსაა და შეიარეთ, თუ დაინტერესდებით. Armazem ქვია.

სადღაც მოედანზე ფლი მარკეტზე აღმოვჩნდით. საყვარელი ჩანთა ვიყიდე და ორი წკაპი. ავტორიც იქვე იყო, გავიცანი, წამოსვლისას მაგნიტი მაჩუქა <3 მერე თეომ გლინტვეინზე დამპატიჟა, ამასობაში წვიმაც დაიწყო. მოკლედ, პორტო რაღაც ისე მახსენდება, ძალიან მშვიდად. უკვე დავწერე, ხო?

ღამით ვიბოდიალეთ ქუჩაში. ცენტრში მშვენიერი იტალიური პიცერიაა, 2 ევროდ ძალიან დიდი და ნოყიერი ნაჭერი მოგდის. განსაკუთრებით მისწრებაა, როცა მოგზაურობა მთავრდება და ფულიც ცოტა გაქვს.  მეორე დილითაც ჯერ ამ პიცერიაში შემოვიარეთ, მერე ცოტა ვისეირნეთ და დავიძარით აეროპორტისკენ.



პორტო-ბარსელონას ბილეთი თბილისში ვიყიდეთ, რაღაც აქცია იყო ერთი დღით და 60 ევრო მივეცით. როგორი აჟიტირებულები წავედით აეროპორტში, ვერ წარმოიდგენთ. ყველასთვის პირველი ბიზნეს კლასური გამოცდილება იყო. ჰოდა, მივედით აეროპორტში, ურიგოდ გავიარეთ რეგისტრაცია B-), მივედით ჩასასხდომ ზოლთან, ჩვენთვის ცალკე რიგი იყო, სადაც ჩვენს გარდა 4-5 კოსტუმიანი ბიძა იდგა და ეკონომ კლასის რიგი იყო უშველებელი. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რიგი აგვერია, ჩაცმულობით თუ იმსჯელებდნენ. ჯერ ჩვენ გაგვატარეს, მაგრამ რად გინდა, 40 წუთი ვიდექით გარეთ და ველოდებოდით, როდის დაცლიდნენ თვითმფრინავს, რომ მერე ავეშვით. ავედით და არც ფარდა, არც ფეხის გასაშლელი, არც ბალიში, რომელ შამპანიურზეა საუბარი. პატარა ჩანთები ფეხებთან დაილაგეთო, გვთხოვეს. მგზავრობა სულ 80 წუთი გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ჯერ საჭმელი ჩამოატარეს გასაყიდად, მერე სასმელი, სტიკერები და ბოლოს სუნამოები. მოკლედ, რაინეარს ბიზნეს კლასი საერთოდ არ ჰქონია და ამის შესახებ დაფრენის შემდეგ გავიგეთ :)))


12.8.16

ესპოზენდე / Esposende

ამ პატარა ქალაქს ცალკე პოსტი ეკუთვნის. უფრო სწორად, იმ გესთჰაუსს, სადაც აღმოვჩნდით.
პორტოში სახლის მოძებნა არ იყო იოლი. პირველი ღამე დასარჩენი არ გვქონდა, ამიტომ სადღაც აეროპორტთან ახლოს მდებარე საკურორტო ქალაქში დავჯავშნეთ გესთაუსი. მარტო გამოსაძინებლად გვჭირდებოდა, მაგრამ ისეთი საყვარელი ადგილი აღმოჩნდა, სიამოვნებით დავრჩებოდი 1-2 ღამე.

ადმინისტრატორი გოგო ძალიან სასაცილო იყო, ინგლისური ცუდად იცოდა და ყველაფერზე OK? იძახდა. გესთჰაუსი იყო ძალიან ლამაზი, პატარა საყვარელი ეზოთი. მაცივარში ცივი ლუდი, ლიმონათი და იოგურტები იდო, აიღებდი და მაცივარზე შემომდგარ ვედროში 80 ევრო ცენტს ყრიდი. მაფინებიც ელაგა მაგიდაზე. აუჰ, მასეთი სახლი მინდა თბილისში :D

პენსიონერული დასვენება თუ მოგინდათ, აუცილებლად ეწვიეთ აქაურობას.




11.8.16

Costa de Caparica

Costa de Caparica - სამოთხე! უფრო სწორად, სერფერების სამოთხეა, თორემ ოკეანე ისეთი ცივია, ფეხი რომ ჩავყავი, კინაღამ ჩავიფსი. არც საცურაო ადგილია, სამაგიეროდ შეგიძლია კაგოტრიალდე ოქროსფერ ქვიშაზე და დაიკიდო ყველაფერი.

სერფინგის სწავლაც არ ჯდება ძვირი, თუ გადაწყვეტთ.

9.8.16

ლისაბონი

რონდას შემდეგ გეზი პირდაპირ პორტუგალიისკენ ავიღეთ. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სადმე პორტუგალიაში გვესადილა, ამიტომ არ ვჭამე და როგორც კი საზღვარი გადავლახეთ, შიმშილმა თავი შემახსენა.
გზად ფაროში შევიარეთ, თან დასათვალიერებლად, თან საჭმელად.
ფარო საპორტო ქალაქია თუ სოფელი. არ ვიცი, ძალიან პატარაა. რაღაც მოედანია შუაში მანდარინის ხეებით, ძეგლით და კაფეებით, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა, არადა მენიუში ბატის ხორცი ჰქონდათ და გასინჯვას ვაპირებდი.
ძალიან ცხელოდა. პირველი, რაც გაგვიკვირდა, იქვე პორტის კაფეში მიმტანი კაცი იყო, რომელმაც ინგლისური იცოდა. გაგვიკვირდა, იმიტომ, რომ ესპანეთში ჭირდა ინგლისურად კომუნიკაცია.
უგემურად მივირთვით და დავტოვეთ იქაურობა.

ლისაბონამდე შორი იყო. აი, პორტუგალიის საზღვარი როგორც კი გადავკვეთეთ, მაშინვე მოუვლელი ყვავილები, დალატკული გზები დაიწყო. აქ უფრო მეტი ფასიანი გზის ნიშანი დგას, თუმცა საფასური მანქანის ზომით ითვლება და რაღაც ხურდებია, რომელიც 20 ევრომდე (მგონი) ავიდა.

ლისაბონში რომ ჩავედით, ბნელოდა, ათის ნახევარი იყო. ყოფილხართ ლისაბონში? ძველ ქალაქში ვიწრო, ქვაფენილიანი გზები, ერთი მანქანა რომ გაივლის კომფორტულად, არადა ორმხრივი მოძრაობა როა და შუაში ტრამვაის ლიანდაგები გადის. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, დიდი მინივენი და + სახალხო ზეიმი! ტროტუარებზე მიჩერებული მანქანებით და  ხალხით იყო იქაურობა გადაჭედილი, ყველა კუთხეში მაყალი ენთო, მუსიკა ხმამაღლა და ნასვამი ხალხი. მოკლედ, იქაურ თბილისობაზე ამოვყავით თავი. home, sweet home.

ჰოსტი 10-ზე გველოდებოდა. მანქანა ვერაფრით დავაპარკინგეთ. სახლსაც ვერ ვაგნებდით. ბოლოს, სადღაც მივაჩერეთ მანქანა და სამნი წავედით სახლის მოსაძებნად. ძლივს ვიპოვეთ, გასაღები გამოვართვით და წამოვედით უკან, მანქანისკენ, გზად პარკინგიც უნდა მოგვეძებნა. ერთგან კი ვნახეთ, მაგრამ "სტაიანშიკები" ისეთი მთვრალები იყვნენ, ნაქირავები მანქანის დატოვება ვერ გავრისკეთ. მოკლედ, სავსე მანქანას ამ გზებზე გაუჭირდა, ისევ ნაწილი ჩამოვედით და დავიშალეთ, ასე გამოვიდა.

12-ზე მივედით ისევ სახლში. ამასობაში გაგვახსენდა, რომ მემეს დაბადების დღე მოდიოდა. მანამდე გვქონდა გადაწყვეტილი, სიურპრიზი მოგვეწყო, მაგრამ ამ აურზაურში ვის გაახსენდა? წავედით მე და თეო ტორტის და სანთლის საძებნელად. რაღაც ბარში ვიყიდეთ კრუასანი. სანთელიც გვინდოდა. თეომ happy birthday უმღერა და მერლინ მონრო განასახიერა სანთლის ასახსნელად :D მოკლედ, ბარისტა ქალმა სადღაც ზედა თაროდან მტვრიანი სანთელი გადმოიღო, მარა ვერ მოგყიდითო. ბოლოს გადაწყვიტა, გათხოვებთ და ხვალ დამიბრუნეთო. ავიტანეთ სახლში, ჰოსტის ნაჩუქარი პორტვეინიც მოვუდგით და ასე მივულოცეთ მემეს დაბადების დღე, რომელმაც მანამდე ჩვენი ჩანთები ათრია და სულ არ ჰქონდა სადღესასწაულო განწყობა :D
ის სანთელი მეორე დღესვე წავიღე, მაგრამ ბარი დაკეტილი დამხვდა და ვალი შემრჩა, აუცილებლად უნდა დავბრუნდე.

იმ ღამეს ფეხით იმდენჯერ გავიარეთ ლისაბონის ძველ უბანში, რომ გარკვეულწილად წარმოდგენა შეგვექმნა კიდეც და ძალიან მომეწონა. ღამის სამამდე მღეროდნენ და ხმაურობდნენ ქუჩებში, მერე ჩამეძინა.


დილით პირველ რიგში მანქანა გადავაყენეთ სადღაც ტაქსების პარკინგზე, რომელიც უფასო აღმოჩნდა. ფეხით ამოვუყევით ქუჩას. არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა, როგორია ლისაბონი. ძალიან მომეწონა. რაღაც ევროპას არ ჰგავს და ყველაფერი ძველია. აუცილებლად სანახავი ქალაქია.

მოვინახულეთ საუკუნის წინ აშენებული ლიფტი (Santa Justa Lift), რომელში ასვლაც 5 ევრო ღირს, მაგრამ ზემოდან საოცარი ხედი იშლება. ვიყავით წმინდა გიორგის ციხესიმაგრეში (Castelo De S. Jorge), სადაც ფარშევანგები დაბოდიალობდნენ, გავსინჯეთ საშინელი პორტვეინი, რომელსაც ბებიაჩემის გაკეთებული ანწლის ჭაჭის გემო ჰქონდა, საშინელი სანგრია და მოჰიტო, მივირთვი ნატა, იქაური ნამცხვარი, რომელსაც მოტარტალეტკო ფორმა აქვს და პონჩიკს ჰგავს გემოთი. ა, ჰო, კიდევ HM-ში ვიშოპინგეთ და ბუჟგულა დაგვეკარგა :)))

ორი ღამე დავრჩით ამ საოცარ ქალაქში. ძალიან საყვარელი და კომფორტული სახლი გვქონდა. ისე გამოვიდა, რომ ტრამვაიში ვერ ჩავჯექი, არადა ზუსტად ჩვენი აივნის ქვეშ გადიოდა.

რჩევა #1: იქაური სიმი ვიყიდეთ 5 ევროდ, სალაპარაკო წუთები და 500 მბ ინტერნეტით და რა კარგი ფასიაო, გაგვიხარდა. მერე რომ გავხსენით ბარათი, 3 ევრო ყოფილა ღირებულება. მოგვატყუეს :)))

რჩევა #2: რაღაც კაფეში შევედით და სანამ ჩვენი შეკვეთა მოიტანეს, სუფრა გაგვიწყვეს, კარაქი, ჯემი, პურები, ხამონი, ზეთისხილები. მიმტანმა გამაფრთხილა, თუ არ შეჭამთ, არც გადაიხდითო, მაგრამ ძალიან გვშიოდა და დაახლოებით 7 ევრო დაემატა ჯამში. გაითვალისწინეთ, მაინც.