7.7.14

ქათამი ბოსტნეულის რაგუთი მექსიკურ მოტივებზე

იცით ჩემი ერთ-ერთი ჰობი რა არის? მზარეულობა. ძალიან მიყვარს, ოღონდ ყოველდღიური სახით არა. ხასიათზე უნდა ვიყო და სასურველია მარტო. მუსიკა უნდა იყოს ჩართული და განწყობაც შესაბამისი. განსაკუთრებით მიყვარს სხვადასხვა არომატების ერთმანეთში არევა და ექსპერიმენტები. თან ეტყობა "ხელიც კარგი მაქვს", გემრიელი გამოდის ხოლმე როგორც წესი.
ეს რეცეპტი მექსიკური კულინარიის წიგნში ვნახე, ცოტა რაღაცები შევცვალე და მინდა გითრათ, ძალიან საინტერესო შედეგი მივიღე. მართალია, მშიერი ვერავინ ვიპოვე და მეორე დღეს მოგვიწია დაგემოვნება, მაგრა შეიძლება უკეთესიც არის, კარგად ჰქონდა გემო გამჯდარი.


მასალა:
1ც. პატარა ხახვი
2 კბილი ნიორი
1ს/კ დარიჩინი
3 ც. ქათმის ბარკალი
2ც. სტაფილო
2ც. ყაბაყი
3ც. კარტოფილი
2 ფოთოლი დაფნა
200გრ. თეთრი მშრალი ღვინო
მარილი გემოვნებით
ზეთი და კარაქი - თვალის ზომით
1ს/კ სახამებელი

მომზადების დრო:
25 საათი :)

მომზადება:
ხახვი და ნიორი დავნაყოთო, რეცეპტმა მითხრა, მაგრამ მე სანაყი არ მაქვს, ამიტომ ჯერ წვრილად დავჭერი, მერე ჩანგლით დავჭყლიტე. ავურიე დარიჩინი და მარილი და წავუსვი ორად დაჭრილ ბარკლებს, რომელსაც წინასწარ გავაცალე კანი (არ ვარგა კანი, არა). ჩავდე კონტეინერში და შევდგი მაცივარში 1 დღით. თუ ვირუსების პერიოდია, არ შეგეშინდეთ. ისეთი ნივრის არომატი იდგა, ვერცერთი ბაცილა ვერ შემოვა სახლში :D
მეორე დღეს გამოვიღე მაცივდირან დამარინადებული ქათამი, ზეთიან-კარაქიან ტაფაზე დავბრაწე 15 წუთით ორივე მხრიდან, გადავასკუპე მოზრდილ ქვაბში, დავასხი 500გრ. ბულიონი (1 ცალი გალინა ბლანკას კუბიკი გავხსენი წყალში, მარტივად გამოვედი :D), დავამატე 2 ფოთოლი დაფნა და დავტოვე თავდახურული საშუალო ცეცხლზე 30 წუთით.
ამასობაში ბოსტნეულის დროც მოვიდა. გავრეცხე კარტოფილი,ყაბაყი და სტაფილო, დავჭერი მრგვალ ნაჭრებად და სათითაოდ მოვხარშე მარილწყალში.
ხორცი რომ მოიხარშა, დავასხი თეთრი ღვინო და ცოტა ხანი თავახდილი დუღდა, რომ აორთქლებულიყო ალკოჰოლი. დავაყარე თავზე ბოსტნეული და მოვასხი სახამებლიანი წყალი (1ს/კ სახამებელი + 3ს/კ წყალი).

დასკვნა:
დარიჩინის და ნივრის ნაზავი საინტერესო გამოდგა. ძალიან მკაფიო გემო ჰქონდა ხორცსაც და ბოსტნეულსაც. ყაბაყი მგონი ზედმეტი იყო. მე არ მიყვარს და არც გამისინჯავს. ხო, ყურადღებით იყავით მარილთან, ვინაიდან ქათამიც მარილში მარინადდება, ბულიონის კუბიკსაც მარილი აქვს, ბოსტნეულიც მარილწყალში იხარშება. ცალკე დამატება აღარ გჭირდებათ ნამდვილად.

ესეც უხარისხო ფოტო:





2 comments:

Kiwi said...

მეც მინდა :3 ურიგო დრო ავარჩიე პოსტის სანახავად, ამ შუაღამისას რა დროს ეს იყო :"> ძაან მიყვარს მეც რაღაც გემრიელობების მომზადება

Sophie שרה Golden said...

როგორ მიყვარს რაგუ. ოღონდ ჩემს ოჯახობას ყაბაყი არ უყვარს და ბადრიჯანს ვხმარობ ამის მაგივრად. აი დარიჩინს რაგუში ვერ წარმოვიდგენდი, რაღაც ძველმოდური რაგუ მცოდნია მე და ეგაა :-)))