9.8.16

ლისაბონი

რონდას შემდეგ გეზი პირდაპირ პორტუგალიისკენ ავიღეთ. გადაწყვეტილი გვქონდა, რომ სადმე პორტუგალიაში გვესადილა, ამიტომ არ ვჭამე და როგორც კი საზღვარი გადავლახეთ, შიმშილმა თავი შემახსენა.
გზად ფაროში შევიარეთ, თან დასათვალიერებლად, თან საჭმელად.
ფარო საპორტო ქალაქია თუ სოფელი. არ ვიცი, ძალიან პატარაა. რაღაც მოედანია შუაში მანდარინის ხეებით, ძეგლით და კაფეებით, რომელიც დაკეტილი დაგვხვდა, არადა მენიუში ბატის ხორცი ჰქონდათ და გასინჯვას ვაპირებდი.
ძალიან ცხელოდა. პირველი, რაც გაგვიკვირდა, იქვე პორტის კაფეში მიმტანი კაცი იყო, რომელმაც ინგლისური იცოდა. გაგვიკვირდა, იმიტომ, რომ ესპანეთში ჭირდა ინგლისურად კომუნიკაცია.
უგემურად მივირთვით და დავტოვეთ იქაურობა.

ლისაბონამდე შორი იყო. აი, პორტუგალიის საზღვარი როგორც კი გადავკვეთეთ, მაშინვე მოუვლელი ყვავილები, დალატკული გზები დაიწყო. აქ უფრო მეტი ფასიანი გზის ნიშანი დგას, თუმცა საფასური მანქანის ზომით ითვლება და რაღაც ხურდებია, რომელიც 20 ევრომდე (მგონი) ავიდა.

ლისაბონში რომ ჩავედით, ბნელოდა, ათის ნახევარი იყო. ყოფილხართ ლისაბონში? ძველ ქალაქში ვიწრო, ქვაფენილიანი გზები, ერთი მანქანა რომ გაივლის კომფორტულად, არადა ორმხრივი მოძრაობა როა და შუაში ტრამვაის ლიანდაგები გადის. წარმოიდგინეთ ეს ყველაფერი, დიდი მინივენი და + სახალხო ზეიმი! ტროტუარებზე მიჩერებული მანქანებით და  ხალხით იყო იქაურობა გადაჭედილი, ყველა კუთხეში მაყალი ენთო, მუსიკა ხმამაღლა და ნასვამი ხალხი. მოკლედ, იქაურ თბილისობაზე ამოვყავით თავი. home, sweet home.

ჰოსტი 10-ზე გველოდებოდა. მანქანა ვერაფრით დავაპარკინგეთ. სახლსაც ვერ ვაგნებდით. ბოლოს, სადღაც მივაჩერეთ მანქანა და სამნი წავედით სახლის მოსაძებნად. ძლივს ვიპოვეთ, გასაღები გამოვართვით და წამოვედით უკან, მანქანისკენ, გზად პარკინგიც უნდა მოგვეძებნა. ერთგან კი ვნახეთ, მაგრამ "სტაიანშიკები" ისეთი მთვრალები იყვნენ, ნაქირავები მანქანის დატოვება ვერ გავრისკეთ. მოკლედ, სავსე მანქანას ამ გზებზე გაუჭირდა, ისევ ნაწილი ჩამოვედით და დავიშალეთ, ასე გამოვიდა.

12-ზე მივედით ისევ სახლში. ამასობაში გაგვახსენდა, რომ მემეს დაბადების დღე მოდიოდა. მანამდე გვქონდა გადაწყვეტილი, სიურპრიზი მოგვეწყო, მაგრამ ამ აურზაურში ვის გაახსენდა? წავედით მე და თეო ტორტის და სანთლის საძებნელად. რაღაც ბარში ვიყიდეთ კრუასანი. სანთელიც გვინდოდა. თეომ happy birthday უმღერა და მერლინ მონრო განასახიერა სანთლის ასახსნელად :D მოკლედ, ბარისტა ქალმა სადღაც ზედა თაროდან მტვრიანი სანთელი გადმოიღო, მარა ვერ მოგყიდითო. ბოლოს გადაწყვიტა, გათხოვებთ და ხვალ დამიბრუნეთო. ავიტანეთ სახლში, ჰოსტის ნაჩუქარი პორტვეინიც მოვუდგით და ასე მივულოცეთ მემეს დაბადების დღე, რომელმაც მანამდე ჩვენი ჩანთები ათრია და სულ არ ჰქონდა სადღესასწაულო განწყობა :D
ის სანთელი მეორე დღესვე წავიღე, მაგრამ ბარი დაკეტილი დამხვდა და ვალი შემრჩა, აუცილებლად უნდა დავბრუნდე.

იმ ღამეს ფეხით იმდენჯერ გავიარეთ ლისაბონის ძველ უბანში, რომ გარკვეულწილად წარმოდგენა შეგვექმნა კიდეც და ძალიან მომეწონა. ღამის სამამდე მღეროდნენ და ხმაურობდნენ ქუჩებში, მერე ჩამეძინა.


დილით პირველ რიგში მანქანა გადავაყენეთ სადღაც ტაქსების პარკინგზე, რომელიც უფასო აღმოჩნდა. ფეხით ამოვუყევით ქუჩას. არ ვიცი, როგორ უნდა ავხსნა, როგორია ლისაბონი. ძალიან მომეწონა. რაღაც ევროპას არ ჰგავს და ყველაფერი ძველია. აუცილებლად სანახავი ქალაქია.

მოვინახულეთ საუკუნის წინ აშენებული ლიფტი (Santa Justa Lift), რომელში ასვლაც 5 ევრო ღირს, მაგრამ ზემოდან საოცარი ხედი იშლება. ვიყავით წმინდა გიორგის ციხესიმაგრეში (Castelo De S. Jorge), სადაც ფარშევანგები დაბოდიალობდნენ, გავსინჯეთ საშინელი პორტვეინი, რომელსაც ბებიაჩემის გაკეთებული ანწლის ჭაჭის გემო ჰქონდა, საშინელი სანგრია და მოჰიტო, მივირთვი ნატა, იქაური ნამცხვარი, რომელსაც მოტარტალეტკო ფორმა აქვს და პონჩიკს ჰგავს გემოთი. ა, ჰო, კიდევ HM-ში ვიშოპინგეთ და ბუჟგულა დაგვეკარგა :)))

ორი ღამე დავრჩით ამ საოცარ ქალაქში. ძალიან საყვარელი და კომფორტული სახლი გვქონდა. ისე გამოვიდა, რომ ტრამვაიში ვერ ჩავჯექი, არადა ზუსტად ჩვენი აივნის ქვეშ გადიოდა.

რჩევა #1: იქაური სიმი ვიყიდეთ 5 ევროდ, სალაპარაკო წუთები და 500 მბ ინტერნეტით და რა კარგი ფასიაო, გაგვიხარდა. მერე რომ გავხსენით ბარათი, 3 ევრო ყოფილა ღირებულება. მოგვატყუეს :)))

რჩევა #2: რაღაც კაფეში შევედით და სანამ ჩვენი შეკვეთა მოიტანეს, სუფრა გაგვიწყვეს, კარაქი, ჯემი, პურები, ხამონი, ზეთისხილები. მიმტანმა გამაფრთხილა, თუ არ შეჭამთ, არც გადაიხდითო, მაგრამ ძალიან გვშიოდა და დაახლოებით 7 ევრო დაემატა ჯამში. გაითვალისწინეთ, მაინც. 

3 comments:

Kiwi said...

როგორ მინდა მლვიდეს მალე დეკემბერი! ჩვენ ეხა "ქოჩსარფინგს" ვეძებთ იქნებ შეგვიფაროს ვინმემ :)))

kuda said...

ჩვენ 6 ვიყავით და არ ჰქონდა აზრი, ვინ შეგვიფარებდა და გაყოფაც არ გვინდოდა :))

Kiwi said...

Chven orni mivdivart, iqnev vinmem shegvifaros :))))