16.8.10

შვებულება / დღე პირველი

შეხვედრის დრო: 28/07/2010 07:30
შეხვედრის ადგილი: მეტრო დიდუბის მიმდებარე ტერიტორია
ტვირთი: 10-11 კგ.
ჩვენ პირველები მივედით, არავინ ჩანდა. მერე დიდჩანთიანი ხალხი გამოჩნდა. მხოლოდ ერთს ვიცნობდით, ორგანიზატორს, რამდენიმე სახეზე ვიცოდი. აჰა, შევიკრიბეთ. ჩაცმულობა–აღკაზმულობით თუ ვიმსჯელებთ, გამოუცდელები იყვნენ. მათ შორის ერთი კაბით და პატარა ქუსლიანი სანდლებით, თვალებს არ დავუჯერე, მეგონა დას აცილებდა, მაგრამ შევცდი. მოგვიანებით ეს ბავშვი სულ პირველი არბოდა აღმართებში, კარგად იარა ძალიან.
საკვები ვიყიდეთ, მარშუტკა შევავსეთ და 9 საათისთვის დავიძარით. 3-3,5 საათში უკვე აბასთუმანში, ბორჯომ–ხარაგაულის ტყე–პარკის შლანგბაუმთან ვიყავით. ბარგი ჩამოვაწყვეთ, საკვები გავინაწილეთ, ავიკიდეთ და გავუდექით გზას, უკვე 2 საათია. გზად სტენდი შეგვხვდა დაახლოებით მსგავსი შინაარსის: "მარჯვნივ წახვალ, მგელი შეგჭამს, მარცხნივ წახვალ – დათვი". ჩვენ დათვი ვარჩიეთ და გადავუხვიეთ. მალევე ჩამოვსხედით და ენერგიის შესავსებად ვჭამეთ, ვსვით. რა ცუდია სავსე კუჭით მოძრაობა, მაგრამ დილიდან უჭმელები ვიყავით, თან სახლიდან წაღებული ღვეზელები მამძიმებდა და 'გავასაღე'. 
წყლები შევავსეთ და გავუდექით გზას. 
ყველაფერი წინ არის
თავიდან გზა კარგი იყო სასიარულოდ, თითქმის სწორად მიდიოდა, მარცხნივ მდინარე, მარჯვნივ – ტყე, გზად ბევრი წყარო გვხვდებოდა. რამდენჯერმე მდინარის გადავლა მოგვიხდა და თითქმის ყველას დაგვისველდა ფეხები. 7-8 კილომეტრის გავლის შემდეგ გზა ორად გაიყო. რომამ გადაწყვიტა, რომ მარცხნივ უნდა აგვეღო გეზი და ასეც მოვიქეცით, 30-40 წუთის შემდეგ უღრან ტყეში აღმოვჩნდით, გაუკვალავზე მივდიოდით მუხლამდე ბალახებში. გზა აგვებნა. უკან დაბრუნება გვიანი იყო, დაგვიღამდებოდა, ამიტომ პირდაპირ გადავჭერით გზა ერთი მთიდან მეორე მთაზე, ყელამდე ჯინჭრებით და ბალახებით და უცებ ბრახ! მუხლამდე წყალში ჩავვარდით, ნაძვებში გავიხლართეთ, მაგრამ ავედით!
ბორჯომ-ხარაგაულის ტყე-პარკი
აღმართები დაიწყო, მდინარე ქვემოთ დარჩა, ხევმა ჩაანაცვლა, წყალი აღარ გვხვდებოდა, მოფრთხილება დავიწყეთ. სულ ვიწრო გზა და აღმართები. ზღვის დონიდან 1900 მეტრი; 200 მეტრი. ღამდება, კარვის გასაშლელი ადგილი არ ჩანს, წყალი არ ჩანს, აღმართი არ მთავრდება. 2100 მეტრი. მობილურმა დაიჭირა! კიდევ რამდენიმე მეტრიც და გზა ოდნავ გაფართოვდა. სხვა გზა არ იყო, უნდა გავჩერებულიყავით, ბნელდებოდა.
კარვები გავშალეთ. ერთი იმხელა იყო და ისეთი უცნაური, თავი და ბოლო ვერ გავუგეთ, ინსტრუქციაც არ მოყვა. როგორღაც ფეხზე დავაყენეთ და იატაკი არ აქვს! 
ცეცხლი დავანთეთ. ბევრი სუპი გვქონდა ნაყიდი, მაგრამ წყალი დაგვრჩა ძალიან ცოტა. მშრალად ვივახშმეთ და დაღლილები კარვებში გადავნაწილდით.
შედეგი: 6 საათი, 13-14 კილომეტრი, 800 მეტრით მაღლა ავედით.
ბარგი: 12-13 კგ (საჭმელი დამემატა)
შეცდომა: შორტები მეცვა. შედეგად ფეხები მაქვს მეორე კლასელი ბავშვივით დაკაწრულ–დასუსხული.


ეს ის კარავია

6 comments:

Kate said...

შენ მართლა საღოლ!!!!!

nastasia said...

ზუსტად ორი წელია გრანდიოზულ "პახოდში" არ ვყოფილვარ და ისე მენატრება, ისე მენატრება, სხვების ამბებს რომ ვკითხულობ/ვისმენ, მგონია მეც დავდივარ :)

tornike.ziziashvili said...

<3

მარიამ ბლანკი¹³ said...

კუდ - რა გეცმება აზრი არ აქვს : ) ტყეში ჭჳნჭარ ხვიარ ეკლები ყველაფერში ატანს უკვე გამოვცადე ჩემზე პირადად : )
მაშინ ბრეზენტისა უნდა გეცვას რამე : )
ნაჭამზე სიარული ცუდი რამე გიქნიათ , შოკოლადები უნდა წაგეღოთ დასანაყრებლად : )
და ისა კაცო გამკვირვებია ის კარავი პატრონმა როგორ არ გამოსცადა წამოღებამდე? : )))

nati kuda said...

დაეზარათ ეტყობა თბილისში გაშლა :))
asetia realurad http://is.gumtree.com/image/big/11864810.jpg

მარიამ ბლანკი¹³ said...

ვაიმე რამხელა სასახლეა და ნეტა რამდენს იწონის ეგ უცნაური რაღაც? : ))