4.12.10

შეიკარი ღვედი

ღვედის შემქმნელად იმდენი ვინმე მოისაზრება, ცოტა დავიბენი. თუ ვიკიპედიას დავუჯერებთ, პირველად ბრიტანელი ნოველისტის, დოროთი რიჩარდსონის ილუსტრატორ ქმარს, აგრეთვე ბრიტანელ ალან ოდლს გამოუგონებია 19-ე საუკუნის ბოლოს, თუმცა იმავე ვიკიპედიის თანახმად, ამ დროისთვის ის მაქსიმუმ 12 წლის გამოდის და მის გვერდზე საერთოდ არაფერია ნახსენები ღვედზე. ამიტომ, მე ამ ვერსიას გამოვრიცხავ.

სხვა ვერსიით, 1911 წელს, ბენჟამინ ფულოსმა (Foulois) შექმნა ღვედი თვითმფრინავისთვის და უკვე მეორე მსოფლიო ომისთვის სრულად დანერგილი იყო სამხედრო ავიაციაში მეტი უსაფრთხოებისთვის. იგივეს მიაწერენ ვინმე სეთ სთონერსაც.

რაც უდაოა, პირველი პატენტი ღვედების შესახებ დარეგისტრირდა ნიუ იორკში, 1885 წლის 10 თებერვალს ვინმე ედუარდ კლაგორნის მიერ. დაპატენტების დოკუმენტში წერია, რომ „შექმნილია ადამიანებისთვის, აღჭურვილია კაუჭებითა და სამაგრებით, რომელიც აფიქსირებს მგზავრებს უძრავად და იცავს მათ.“

მოგვიანებით, ექიმი ჰანთერ შელდენი შეწუხდა ამდენი დამტვრეულ-დაჩეხილი პაციენტების ყურებით და გადაწყვიტა, რაიმე უსაფრთხოების საშუალება გამოენახა. ბევრი იფიქრა თუ ცოტა იფიქრა, მოიფიქრა: ღვედი, უსაფრთხოების ბალიში, კარის ჩამკეტები და სხვა თავდაცვის საშუალებები და გამოაქვეყნა სამეცნიერო ნაშრომი 1955 წელს ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში (JAMA). საბედნიეროდ, ნაშრომი არამარტო მოიწონეს, არამედ 1959 წელს დაამტკიცეს, როგორც სტანდარტი ავტომობილების გამოშვებისთვის.

1970 წელს, ავსტრალიაში, ვიქტორიას შტატში მიიღეს კანონი, რომელიც ავალდებულებდა ყველა მძღოლსა და წინ მჯდომ მგზავრს, შეეკრათ უსაფრთხოების ღვედები.

სამწუხაროდ, საქართველოში ეს ყველაფერი გვიან გაიაზრეს. ჯერ იყო, და რამდენიმე წლის წინ სავალდებულო გახადეს მხოლოდ ტრასაზე გამოყენება, არადა ღვედი ბევრად ეფექტურია ქალაქში, დაბალ სიჩქარეზე. პირველიდან კი შევიდა კანონი ძალაში და დიდი თუ პატარა, ქალი თუ კაცი, მარშუტკის თუ ტაქსის მძღოლი ღვედებგადაჭერილი დადის. მერე რა, თუ ღვედი გაფუჭებულია და ზოგს პატრულისთვის თვალის ასახვევად სკამზე აქვს მიბმული, მერე რა, რომ ჯერჯერობით ჯარიმის შიშით ვაკეთებთ ამ ყველაფერს, ცოტა ხანში მივეჩვევით, მოგვეწონება, შეგვიყვარდება და დავაფასებთ. ამდენი ღვედებგადაკრული მძღოლი თბილისს არ ახსოვს. მე აქამდეც წარმატებით ვიყენებდი და მიხარია.

ბოლოს კი ეს ძალიან ლამაზი ვიდეო:


7 comments:

Natalia said...

ძალიან კარგია აუცილებელი რომ გახდა ღვედის შეკვრა. ეს რეკლამა კი ისეთი ემოციურია, რომ ვუყურე გულამომჯდარმა ვიტირე :)

პ.ს კუდა, შენი ახალი დიზაინი ისე მომწონს <3

OTO said...

Wonderful header ♥♥♥

Kate said...

რა მაგარი ვიდეოა. დავაშეარებ რა.

ხოდა მეც მივესალმები შეკრული ღვედებით მგზავრობას. ძალიან კარგია.



ახალი დიზაინი ძალიან მომწონს.

Kate said...

ესეც ნახეთ რა მაგარია.

http://www.youtube.com/watch?v=nI9_BTm41MI&feature=related

utvino said...

2-3 დღის წინ სტუმარი გვყავდა პოლონეთიდან, წინა დღეს დირექტორმა მთხოვა ხვალ მისი გიდი იყავიო, მთელი ღამე მესიზმრებოდა როგორ ვისვამ მანქანაში და მავიწყდება ინგლისურად როგორ არის ღვედის შეკვრა და ვბორგავ, მეორე დღეს როგორც კი მანქანაში ჩაჯდა იმ წამსვე თავისით შეიკრა
ჩვენ კიდე :((
გოიმები ვართ, უდიდესი გოიმები :(

utvino said...

ჰევენ ქენ ვეით მომეწონა : ))))

utvino said...

ჰევენ ქენ ვეით მომეწონა : ))))