17.8.10

შვებულება / დღე მეორე

საშინელი ღამე იყო. ცუდად მეძინა. დაღმართზე გიძინიათ? გინდა თუ არ გინდა, ქვემოთ მისრიალებ კარვის ბოლოში და ფეხს ვერ შლი. + ღამით რაღაც ცხოველი მოვიდა კარავთან, დაგვსუნა. ფშვინვაც ისმოდა. დათვი მეგონა, შემეშინდა, სუნთქვა შევიკარი, მაგრამ მერე მივხვდი, რომ ხმა მეზობელი კარვიდან მოდიოდა, ვიღაცას მშვიდად ეძინა და ხვრინავდა, ვინ დაგვსუნა, ეს არ ვიცი, ზემოთ, მთაზე მწყემსები მოჩანდნენ და ალბათ მათი ძაღლი იყო. 7 საათზე გამოვლაგდით, ავშალეთ ბანაკი. დარჩენილი წყლით ნახევარი ჭიქა ჩაი და ნახევარი ჭიქა ყავა გამოგვივიდა, ყველამ მოვყლუპეთ და გავუდექით გზას.
ისევ აღმართი, ჩვენ წვეთი წყალი არ გვაქვს, ხელ–პირიც დაუბანელი, გამოფხიზლებაც ვერ მოვასწარით, მაგრამ იმედიანად მივდივართ, იქ, სადღაც, იმერეთში წყალი გვეგულება. და უცებ, ჩვენი ბაზიდან 50-60 მეტრში კვამლი გამოჩნდა, შემდეგ საშინელი სუნი, მერე ქოხები და წყალი! მწემსები ცხოვრობდნენ. მარაგი შევავსეთ და გავუდექით გზას. 
ყვითლად გზაა მონიშნული

გუშინდელისგან განსხვავებული პეიზაჟებია. სამანქანო გზას მივუყვებით, თუმცა სამანქანო რა, ალბათ წელიწადში 2–3–ჯერ რამე ხიდიანი მანქანა თუ დადის. მარცხნივ მწვანე მთა, მარჯვნივ – აბასთუმანს დავყურებთ და ობსერვატორიის თავი პატარა ბურთად მოჩანს. ლამაზია აქაურობა. ეს აჭარა–იმერეთის ქედია. იმერეთისკენ რომ გადავუხვიეთ, დაღმართები დაიწყო. კარგი სიჩქარე გვაქვს აღებული. გზად რამდენჯერმე შევჩერდით წყლისთვის, საჭმლისთვის, გეოგრაფიული კვლევებისთვის. 

ქედზე

საირმემდე 30 კილომეტრია, მართალია დაღმართები, მაგრამ ამხელა ბარგით ცოტა ძნელია. არ ვიცით შევძლებთ თუ არა გზის გავლას დაღამებამდე. გზას ვაგრძელებთ. საირმისკენ რომ ჩავუხვიეთ, ტყე დაიწყო, მარცხნივ მდინარე მოგვყვებოდა. გზად – არაფერი. სამიოდე მანქანა შეგვხვდა, მათ შორის ერთი ვილისის ტაქსი და ჩვენი დიდი იმედი, რომ უკან ჩამობრუნდებოდა და ბარგს მაინც გავატანდით, არ გამართლდა, აღარ ჩამოუვლია. 
საირმემდე დარჩა 8 კილომეტრი, 7 კილომეტრი, 6, 5... 4.... ცოტაც.... 3.... ქვემოთ ჩავდივართ და ჩავდივართ. არც სახურავები მოჩანს, არც კაციშვილის ხმა ისმის. ბოლო კილომეტრები ძალიან გაიწელა. აშკარად ან ჯიპიესი გვატყუებს ან რომა. უცებ მოსახვევი გავიარე და ანძა! 2 ანძა! ვაშა! ცივილიზაცია! ხალხი! კაციშვილი არ ჩანს, რომ სიხარული გავუზიარო. სახლები მაინც არ მოჩანს, მაგრამ იმედი არის, რომ გზა არ შეგვშლია, რომ მალე მივალთ. დაახლოებით 30–40 წუთში სახურავებიც გამოჩნდა, ხმაც გავიგეთ, ჟრიამულიც. ესეც საირმე. და ეს ანძები სავარაუდოდ მობილური ოპერატორების ანტენები იყო.
ანტენები <3

ხალხი უცნაურად გვიყურებს, გიჟები ვგონივართ. ვიღაც მილიციელი შეგვეგება და საკარვე ადგილიც მოგვაძებნინა, იქვე ცენტრში, თუმცა რა ცენტრში, საირმეში სულ ათიოდე შენობა დგას ერთი პარკის გარშემო. ამ პარკში ამოდის ის სამკურნალო წყლები, თბილი და გაზგასული ნაბეღლავის გემოთი. არ მომწონს აქაურობა, ჰაერი მძიმეა, ხალხი პირქუში, ყველას ჭიქა უკავია და ყლუპ–ყლუპად სვავს წყალს. ბრრრრ. ომისშემდგომ ქალაქს მაგონებს აქაურობა.
კარვები გავშალეთ. იქვე აბანო ვიპოვეთ. რახან ბევრნი ვიყავით, ფასდაკლება გვაჩუქეს და 3 ლარის ნაცვლად 2 ლარად შევედით ჭუჭყის ჩამოსარეცხად. იფ, კარგია.

შედეგი: 30 კილომეტრი, დრო არ მახსოვს

შვებულება აიღო და არ დავასვენე <3 :)

2 კაცი გვაკლია

წუთშესვენება

იმერეთი, სისხლმა მიყივლა



საირმის ბაზა

წყარო #2, სიბინძურეა 

მხოლოდ ეს ადგილი მომეწონა

2 comments:

tammo said...

ჰაჰა, თქვენ რა თავგადასავლებში ყოფილხართ, ძნელია, მაგრამ კარგად გაგახსენდება ცოტა ხანში. აი თურმე რა ვერ აიტანა თორნიკემ:))))

გაგრძელებას ველოდებიიიი

მარიამ ბლანკი¹³ said...

auuuuuuuuuu dagmartze Ziliii
მაგარი ექსტრემიაა, მთელი ღამე ზემოთ ქვემოთ რომ დახოხავ : )))
ბაზა ძალიან მწყარლ ადგილას გქონიათ : ))) თანაც ძველი თოვლიც არსად შეგხვდებოდათ მანდ რომ გადაგედნოთ და ჩაი დაგელიათ : )))
აუ კაია, მაგრად ასწორებს ასეთი ლაშქრობები : )) და მანდ საკმაოდ მძიმედ სასიარულო ტრასაა მე აჭარის მაღალმტიანეთიდან ადიგენში ვარ გადასული და იეხ რა მაგარია ♥