8.7.16

მანქანით ევროპაში

მას მერე, რაც ესპანეთი-პორტუგალია მანქანით შემოვირბინეთ, ბევრი მეკითხება, როგორ დავიქირავეთ მანქანა, როგორ ვიარეთ, როგორი გზებია, რა უნდა გაითვალისწინონ და ა.შ.

მანქანის დაქირავება
ბევრი კომპანიაა, რომელიც მანქანას აქირავებს. ჩვენ გვირჩიეს, რომ სჯობს, ამერიკიდან დავჯავშნოთ, ვიდრე ევროპიდან. არ ვიცი, რატომ, მაგრამ ასე უფრო იაფი გამოდის. ვინაიდან ექვსნი ვიყავით, მინივენი გვჭირდებოდა. შევარჩიეთ მანქანა europcar.com-ზე, ოპელ ზაფირა, მექანიკა, 450$ გამოდიოდა 9 დღე. ვინაიდან ბარსელონიდან მიგვყავდა მანქანა და პორტოში ვაბრუნებდით, საიტმა დაგვიწერა დამატებით 350 ევრო, მაგრამ ჩაბარების დროს არ გადაგვახდევინეს არაფერი და ჩვენც ბედნიერები გამოვიძურწეთ იქიდან.
მანქანის არჩევისას შეზღუდულია მგზავრების და ბარგის რაოდენობა, თუმცა არავის შეუმოწმებია რამდენი დავსხედით, გასაღები მოგვცეს, პარკინგზე ჩავედით და ოპელის ნაცვლად დაგვხვდა პეჟო. მსგავსი შემთხვევები ხდება ხოლმე.
ოფისში მისვლისას ლურჯი მართვის მოწმობები დაიწუნეს. მიზეზი ვერ გავიგეთ, სავარაუდოდ იმიტომ, რომ ლურჯზე საბუთის ტიპი წერია ქართულად და ფრანგულად და ახალ, თეთრ მოწმობებზე ქართულად და ინგლისურად. გაგვიმართლა, თეთრი მართვის მოწმობა აღმოაჩნდა ბუჟგულას და ის დავარეგისტრირეთ მძღოლად, თუმცა საჭესთან არ დამჯდარა.
საიტზე ისიც წერია, რომ დამატებით მძღოლზე 11 დოლარი ემატება დღეში, მაგრამ არ შევიმჩნიეთ და მე და გურამი ვენაცვლებოდით ერთმანეთს, აქაც დავზოგეთ თანხა.
ოპერატორი გულმოდგინეთ ცდილობდა დაგვეზღვია საბურავები. ამაზეც უარი განვაცხადეთ, არც დაგვჭირვებია.

გზები და პარკინგი
ბარსელონაში მანქანით თითქმის არ გვივლია, ბარგის წამოსაღებად გავიარეთ, ორი წუთით მივაჩერეთ მანქანა სახლთან, ჩავყარეთ ჩანთები და წავედით ტექნოლოგიების მუზეუმში. იქაც ადგილობრივ პარკინგზე გავჩერდით ცოტა ხნით, შესაბამისად პარკინგის საფასურიც არ გადაგვიხდია, ამიტომ არ ვიცი როგორ მუშაობს.
ბარსელონადან წავედით ვალენსიაში. სიარული თითქმის სულ ავტობანზე გვიწევდა. გზა კარგია, შუაში გამყოფი ზოლია, გარშემო ხრიოკი მიწები, მაქსიმალური სიჩქარე 120 კმ/სთ_ში, ამიტომ მოზაბეზრებელიცაა. ხედები არ იცვლება და კარგი მანქანის და გზის ფონზე სიჩქარეც საკმაოდ დაბალია. ყოველ 30-40 კმ-ში გასაჩერებელი პუნქტებია ბენზინგასამართი სადგურებით, მაღაზიებით, კაფეებით და ტუალეტებით.
გზა ფასიანია, ამიტომ პერიოდულად გვიწევდა ბილეთის აღება და ბოლოს რომელიმე დიდი ქალაქის შესასვლელში თანხის გადახდა. აუცილებლად იქონიეთ თანხა ბარათზე, შეარჭობთ, ჩამოგეჭრებათ და გააგრძელებთ გზას.
ვალენსიაში მანქანა გავაჩერეთ სადღაც ახალ ქალაქში, ჰოსტელში მიგვასწავლეს უფასო პარკინგი. გრანადაში სახლთან ახლოს პარკინგზე გავაჩერეთ მანქანა, ჰოსტმა 10 ევროდ მოგვცა ადგილი, ისე ბევრად ძვირი ღირდა. რონდაში ფასიანი პარკინგი იყო პარკთან ახლოს, საკმაოდ იაფი გამოდიოდა, 2 საათში 5 ევრომდე გადავიხადეთ. მალაგაში ისეთ გარეუბანში აღმოჩნდა სახლი, რომ იქვე გავაჩერეთ მანქანა და ცენტრში ავტობუსით გავედით.
საზღვარი არის ძალიან სასაცილო, გადიხარ რკინის თაღში და პორტუგალიაში ხარ. აქ უფრო მეტი სიმწვანეა და გზებიც დალატკული. გზები ფასიანია, მაგრამ მანქანის ტიპის მიხედვითაა განსაზღვრული ტარიფები.
ლისაბონში პარკინგზე არც იოცნებოთ. ჩვენ ჩასვლას დღესასწაული დამეთხვა და ისეთი არეულობა იყო, სამ საათზე მეტი მოვუნდიდთ ადგილის პოვნას. გზები ისეთი ვიწროა, ერთი მანქანა რომ გაეტევა, არადა ორმხრივი გზაა და ტროტუარზე მანქანებია გაჩერებული. იმ ღამეს დავტოვეთ სადღაც სახლიდან მოშორებით, მეორე დღეს კიდევ უფრო შორს გადავაყენეთ სადღაც უფასო პარკინგზე, ტაქსების გაჩერებას უფრო გავდა. ცოტა სარისკოა ცენტრში გაჩერება, ვიწრო ქუჩების გამო ვინ სად გაგისმევს, ვერ გათვლი, თან თუ მანქანაც დაქირავებულია, მითუმეტეს.
პორტოში ჩასვლისას მანქანა ჩავაბარეთ აეროპორტში, ბარგის ნაწილი აეროპორტშივე ჩავკეტეთ და ფეხით გავუდექით გზას.

საერთო ჯამში, მანქანით მოგზაურობა ბევრად იაფი დაგვიჯდა, ფასიანი გზების, საწვავის და ქირის ჩათვლით კაცზე დაახლოებით 110 ევრო გამოვიდა.

3 comments:

Tina Nadiradze said...

აი ესაა მძღოლობა, მექანიკას რომ მართავ, ისიც ტრასაზე და ისიც უცხო ქვეყანაში. ბრავა, დონნა!!!

მაგარი გუნდი ხართ თქვენ.

Kiwi said...

ჩამოდი გერმანიაში, ავტობანიც უფასოა და მაქსიმალური სიჩქარე თითქმის არსად შეზღუდული არაა :)

ლისაბონში ყველაზე მეტად მინდოდა წასვლა, მარა ფრენები ისეთი ფასი ღირს გადაგინდება ეგრევე :))

kuda said...

ძალიან მოსაწყენია კარგი მანქანით კარგ გზებზე, ჩათვალე ავტომატიკით დადიხარ :))

კიწი, გერმანიაში ჩამოვალ ერთხელ, მანქანის საყიდელ ფულს რომ მოვაგროვებ და ბარემ იმით დავბრუნდები უკან და წამოგიყოლებ.