13.12.13

მე და ჩემი კორსა

არასდროს მქონია მანქანის მუღამი. აი, ქეთოს სულ ჰქონდა, მართვის მოწმობა აიღო, მერე მუშაობა დაიწყო, სესხი დაუმტკიცეს და იყიდა. მე - არა. მართვის მოწმობაც ისე ავიღე, ზაფხული იყო, არდადეგები მქონდა და თავს საქმე გამოვუჩინე. ეს იყო 2007 წელს.
2010 წელს ქეთომ ბერლინში ჩააბარა. ფული სჭირდებოდა, მანქანის გაყიდვა გადაწყვიტა. სანამ ვინმე გამოჩნდებოდა, მერე ფულზე წუწუნს დაუწყებდა, გადავწყვიტეთ, რომ ქეთო მანქანას მჩუქნიდა და მე სწავლას ვუფინანსებდი. ჩვენ დავარქვით ასე, თორემ რეალურად მანქანა ვიყიდე და საკმაოდ ძვირადაც.
ეს კიდევ არაფერი. ვიყიდე ზაფხულში, მაგრამ მაინც ფეხით მერჩივნა სიარული. თან შიშიც მქონდა ტარების, თან თორნიკე სულ მეუბნებოდა, კარგად თუ არ ივლი, სულ ნუ ივლიო. ასე გავიდა რამდენიმე თვე. ე.წ. "ჰანიმუნიდან" დაბრუნების შემდეგ მეგობრები გვეწვივნენ სახლში. მეტრომდე გაცილება ჯიბლას და მარიამის სახლში გაყვანით დასრულდა.
ორი კვირა თორნიკესთან ერთად ვიარე, თვითონ მართვის მოწმობა არ ჰქონდა, ამიტომ სულ მე ვიჯექი. ერთ შაბათ დღესაც ერთსაათიანი ლოდინის შემდეგ გადავწვიტე, რომ დროა მარტო წავიდე. გავხედე ჭავჭავაძეს, უჩვეულოდ გადატვირთულია მოძრაობა, მაგრამ უნდა გავრისკო. თორნიკეს დავურეკე, მოვდივარ_თქო, დავქოქე მანქანა და დავიძარი. ახლაც მახსოვს, როგორ ამიძაგძაგდა ფეხი ორჯერ. თავი ხელში ავიყვანე და დანიშნულების ადგილამდე მშვიდობიანად მივედი.
იმის მერე აღარ მეშინია, დავდივარ წვიმასა და ქარში, თოვლსა და ყინვაში და ძალიან მიყვარს ჩემი მანქანა. უკვე ძველია და სიურპრიზებითაც მანებივრებს, მაგრამ ჯერ მანქანის შეცვლაზე არ მიფიქრია. ის რომ არა, სახლის მშენებლობა-რემონტი კიდევ უფრო გაიწელებოდა. არმატურაც აგვიზიდავს ერთად, 100 ცალი აგურიც, 3 ტომარა ცემენტი გადასარევად იგრძნობა, შპაკლზე რო
მ არაფერი ვთქვათ და 2 მეტრიანი კანალიზაციის მილები ისე ეტევა, რომ საბარგულის ღია დატოვება საჭირო არ არის.


გუშინ
ვინც ჩემთან ნამყოფია, ეცოდინება, ზამთარში რა ხდება აღმართზე. თუ მოყინა, ასვლა ჭირს. გუშინ მივდივარ სახლში. ჩემს წინ მიმავალი მანქანა გაჩერდა და გადააყენა, იმის წინა იქვე დაპარკინგდა, იმის წინ მიმავალი მარშუტკა გაჩერდა, ხალხი ჩამოყარა, დატრიალდა და უკან წავიდა. ვდგავარ და ვფიქრობ, ავიდე? არ ავიდე? ამ დროს მანქანის კარი გაიღო, ჩემთვის სრულიად უცნობი ბებო ჩახტა და ავედით! ავედით! ავედით! ძახილით ავიარეთ ბოლომდე :D

ჰოდა, ასწორებს გაყინული და თოვლიანი თბილისი. ვისაც ცუდი საბურავები აქვს ან თავის იმედი არ აქვს, ყველა ფეხით გამოდის დილით და მოძრაობა ფრიად სასიამოვნოა. 

1 comment:

Anonymous said...

ჰაჰა, უცნობი ბებო :)))