11.8.12

დღე მეშვიდე – პრომეთეს მღვიმე – შაორის ტბა

დილით გამოვედით სოფლიდან ჩხუბით,  უჭმელ–უსმელებს არ გვიშვებდნენ, მაგრამ გავიმარჯვეთ. არ მისული ქუთაისამდე გადასახვევი იყო წყალტუბოსკენ და შევუხვიე, მაგრამ ვაი! საშინელი გზაა, მასე ნუ წახვალთ.
წყალტუბო არის ძალიან ლამაზი ქალაქი. და ძალიან ჰგავს პოტსდამს. ირგვლივ ყველაფერი მწვანეა, გვერდებზე დიდი დაძველებული შენობები დგას და ხალხი არ დადის. მაგარია. თუ გინდა, სულიერად დაისვენო, მანდ უნდა წახვიდე, თან ცივილიზაცია, თან სიმწვანე, დიდი სივრცე და ბარნეოლოგიური კურორტია ბოლობოლო.
ცენტრში არის მარჯვნივ ასახვევი და სოფელ ყურმისთავში მიხვალთ, სადაც მდებარეობს ეს პრომეთეს ანუ ჩვენს მითოლოგიურ ენაზე – ამირანის მღვიმე. ასახვევს თუ მიაგნებთ, მერე გზაზე ნიშნებიც შეგხვდებათ, ადვილი მისაგნებია.
ფოიე, ველოდებით გასვლას
მღვიმეში შესვლა – 6 ლარი
სტუდენტებისთვის – 3 ლარი
ნავით გასეირნება ტბაზე – 7 ლარი
მღვიმეში ზამთარ–ზაფხულ 14 გრადუსია ტემპერატურა, ტენიანობა მაღალია, ჟანგბადის დონეც ჩვენდა გასაკვირად საკმაოდ მაღალია სტანდარტულთან შედარებით –23%, ისე 18 ყოფილა გარეთ. ჯგუფის გასვლა - ყოველ 20 წუთში. ვიზიტორების მაქსიმალური რაოდენობა – 30 კაცი. თუ კლაუსტროფობია გაწუხებთ, სჯობს არ შეხვიდეთ, 1400 მეტრია ფეხით გასავლელი დახურულ სივრცეში, ალბათ ვერ გაივლით.
ასეთი ვიწყო გზაა და კიბეები ენაცვლება ერთმანეთს
ჰო, ახლა მღვიმე. განათებულია + კლასიკური მუსიკა უკრავს შეგრძნებების გასამძაფრებად. გიდი დარბაზებში ჩერდება ყვება სად ხარ, რატომ, რა ხდება და ა.შ.
ძალიან ლამაზია. ერთ–ერთი აუცილებლად სანახავი ადგილია საქართველოში. და კულმინაცია – ნავით გასეირნება. თუ წყლის შიში არ გაქვთ, ფული არ დაინანოთ. მღვიმის ტბაზე საკმაოდ კომფორტული ნავით და უსაფრთხოების ჟილეტით გადიხარ 350 მეტრს თუ სწორად მახსოვს და უცებ გვირაბის ბოლოს სინათლე მოსჩანს.
ცუდი რაცაა, რომ გამოდიხარ ნაპირზე გაგრილებულ და ნასიამოვნები, ფეხით უნდა აიარო 700 მეტრი აღმართზე, პაპანაქება სიცხეში :(
სათაფლიაში აღარ გადავედით. ქუთაისის მაკდონალდსში დავნაყრდით და წავედით რაჭაში, შაორისკენ. გზად გავიარეთ თერჯოლა. მთელ ქუჩაზე ერთნაირი ხის ღობეები და კარები იყო, ზედ დამაგრებული განათებებით.  მერე გავიარეთ ტყიბული და არ მოგვეწონა და 15 წუთში შაორიც გამოჩნდა.
ჟინვალი თუ იცით რამხელაა, შაორი მაგაზე ბევრად დიდია. ბევრი ვიარეთ და წესიერი დასაბანაკებელი ადგილი ვერ ვნახეთ. თან წყაროს მსგავსი არაფერი არაა ახლოს. სადღაც 3–4 კოტეჯი იყო ჩადგმული და იმათთან ავავსეთ ღამის მარაგი. ბოლოს სადღაც დავბანაკდით, ქვიან ადგილზე, მაგრამ სიბინძურეს თუ არ გავითვალისწინებთ, ცუდი არ იყო. იქვე იყო ტყეც და ტბაც.
მთელი ეს პერიოდი საჭმელი გვქონდა მრავალფეროვანი და ბევრი, ისე რომ გზად რაღაცები გაგვიფუჭდა და გადავყარეთ. რაჭისთვის დაგვრჩა მხოლოდ ერთი მოთუშული ხორცი, თევზის კონსერვი და რამდენიმე სუპი. ქუთაისში არავინ ყურადღება რომ არ მომაქცია, წავედი, კიდევ რამდენიმე სუპი და 2 ცალი პური ვიყიდე. თევზს დავიჭერთ და გვეყოფაო, მაგრამ ჯიბლამ ნანატრი ანკესი ერთხელ გადააგდო, ორჯერ, სამჯერ... და თევზი არ წამოეგო. სამაგიეროდ, თორნიკეს ბავშვობის ტექნიკამ გაამართლა და გადაჭრილი პლასტმასის ბოთლებით ბევრი პატარა თევზი დაიჭირა.
საღამოს მენიუ – სუპის მაკარონები მოთუშული ხორცით და დესერტად – გრილზე დაბრაწული თევზები.
მოსავალი
ტყე არის ძალიან ხმაურიანი, ცოტა შიშმა კი ამიტანა, მაგრამ ისე გავითიშე, ყველაზე ტკბილად მანდ მეძინა მთელი ამ მოგზაურობის დროს :)



No comments: