3.8.12

დღე პირველი – თბილისი–აბასთუმანი


პირველი დღე ფრიად დატვირთული იყო. რვის ნახევარზე შევიკრიბეთ და გავედით ორთაჭალის ავტოსადგურიდან წალკის მიმართულებით. საკმაოდ გრილოდა, შეგვცივდა კიდეც. დასაწყისში ნისლებიც შეგვხვდა. წალკა–ახალქალაქის გავლით ვაპირებდით სამცხე–ჯავახეთის მოვლას და ახალციხეში დაბანაკებას, მაგრამ ბოლოსკენ გეგმა ცოტა შეიცვალა.
გზა ნორმალურია, თუმცა ვიწრო და ახალქალაქამდე საკმაოდ გრძელი აღმართებია, მსუბუქ მანქანას შეიძლება ცოტა გაუჭირდეს. ჩვენ ავბობღდით, შეიძლება ითქვას.
წალკა – ვერც მიხვდები, რომ ქალაქია. დიდი წყალსაცავი აქვთ, სადაც როგორც ჩანს, ბევრი თევზია. ჩვენს გვერდით ვიღაც კაცს 2 თევზი ამოჰქონდა თითო გასროლით. 
ფარავნის ტბა –  მე უფრო გრანდიოზულს ველოდი. ციოდა, ქარი იყო. სახლები - ნაკელის, აგური - ნაკელის, გზა – ნაკელის... ყველაფერი ნაკელისგან კეთდება, ზამთარში თურმე შეშად იყენებენ. საოცარი სუნი იდგა. ნაკელზე მომზადებული საჭმლის წარმოდგენაც არ მინდა! საშინელებაა მოკლედ.
ფარავნის ტბა

ფოკა – რატომღაც მეგონა, რომ ტრიალ მინდორზე იყო დედათა მონასტერი და საცხოვრებელი კომპლექსი. აღმოჩნდა, რომ სოფელია ჩვეულებრივი, ჯერ მამათა მონასტერია, მერე შუა სოფელში – დედათა მონასტერი. ძალიან ლამაზი სახლი აქვთ, მოვლილი ეზო და სათბურივით რაღაც იდგა კიდევ. სხვები არ შემომყვნენ და მარტომ გავიბოდიალე ეზოში. მერე დედაო გამოვიდა, ეკლესიაში შემიპატიჟა, სხვებიც მოვიდნენო და დასაძახებლად რომ გამოვედი და უარი მივიღე მათგან, მეც წამოვედი. შემრცხვა, ვინ იცის, გველოდებოდნენ.
საღამოს ტბა – ფარავნის ტბის მერეა ზუსტად, მე ეს ყველაზე მეტად მომეწონა, პატარაა, შუაში კუნძულით. გზად გამოპრანჭულმა სომხებმა ჩაგვიარეს, ბაზრისკენ მიიჩქაროდნენ. კიდევ სასაფლაოსთან გავიარეთ და ქართულად ერთი ასოც ვერ ამოვიკითხეთ. არ შეიძლება ასე :(
ახალქალაქი – პატარა, მუქი ფერის ქალაქია, სადაც ყველაფერი სომხურად წერია, ქუჩებსაც სომხური გვარ–სახელები აქვთ, მოსახლეობას რუსულიც უჭირს, რომელ ქართულზეა ლაპარაკი. თვითონ ქალაქი ძალიან მივამსგავსე ახალციხეს, პატარა, ერთმანეთზე მიდგმული სახლებით და გრძელი ქუჩებით. ახალქალაქის შესასვლელში ხოსპიოს რესტორან "კალმახში" შევიარეთ. საკმაოდ იაფი გამოდგა ყველაფერი. იქვე, აუზში მოცურავე კალმახები დაგვიჭირეს და შეგვიწვეს. ხო, მენიუ ჰქონდათ სამენოვანი: სომხური, რუსული და ქართული და მენიუში იყო ნატურალური ყავა (ანუ თურქული :D) და ბამბანერკა :D
რესტორანი ციხესიმაგრე "კალმახი"

ვაგონი–ხიდი – ახალქალაქიდან ახალციხისკენ რომ გადაუხვევ, იქაა მდინარეზე გადებული, უკვე დაჟანგებული და გაუბედურებულია, ცოცვით უნდა გადახვიდე, მარა მაგარია! მასთ სი!
ვაგონ–ხიდი

ხერთვისის ციხე – აი, ეს ციხეები არ მხიბლავს ხოლმე, მარა ეს ძალიან მომეწონა, განსაკუთრებით ახალქალაქის მხრიდან რომ მოდიხარ და უცებ დაინახავ, დიდებულია! იქვე იყო გადაკიდებული ხიდი, შეგიძლიათ გადაირბინოთ, კარგი შეგრძნებაა, ფეხს სხვა მიმართულებით რომ დგამ და სხვაგან გარბის და ტანს ვერ იმორჩილებ.
ხერთვისის ციხე და დაკიდებული ხიდი

ვარძია – მე პირველად ვიყავი და კი კარგია, მარა ვაიმე–ვუიმე გრძნობები არ გამჩენია. ავედით მე და თორნიკე, შევიჭყიტეთ გამოქვაბულებში და ჩამოვედით. უფრო დიდს და გრანდიოზულს ველოდი :D
ვანის ქვაბები – მითხრეს, მანდ სამკურნალო წყალია და ჩასხდებით, გაგრილდებითო. ძალიან გვცხელოდა და გაგვიხარდა, მაგრამ აღარ ავედით, სინამდვილეში სხვა რამე აღმოჩნდა. წყალი არ არისო, ქვემოთ გვითხრეს და ერთი პატარა ეკლესია ჩანდა, იქაც გზაა გადაკეტილიო და თან გვცხელოდა და წამოვედით.
ასპინძა– ეს გზად გავიარეთ უბრალოდ და საყვარელი ქალაქია, ერთნაირი ღობეებია მთელ ქუჩაზე და შოთა რუსთაველის ბევრი ძეგლია კიდევ ახლომახლო, ეს იმიტომ, რომ სოფელი რუსთავი მანდაა.
ახალციხე – ვინმეს რაბათი თუ გინახავთ როდესმე, დამიჯერეთ, ვეღარც კი იცნობთ იქაურობას. არ მეგონა, ეს ციხე მაგხელა თუ იყო. რესტავრაციაცაა და რესტავრაციაც :))) თავიდანაა აშენებული და თან შესამჩნევად, რომ მიხვდე, რა არის ძველი შემორჩენილი. ასვლით ჯერ არ უშვებენო და ქვემოდანაც საკმარისად ჩანს.
აბასთუმანი – ნუ, ამაზე რა ვთქვა, ძალიან მიყვარს და ბევრჯერ ვარ ნამყოფი, ოღონდ ობსერვატორიის ტერიტორიაზე პირველად მეძინა, თან კარვით. გაგვიმართლა და სატურნი ვნახეთ, ცელქობდა. კიდევ არწივის ალფა :D და საოცარი დამთვალიერებლები, რომლებიც წუხდნენ, რომ ამ პატარა ბურთის სანახავად ფული გადაიხადეს. ნეტავ, რა ეგონათ, რის დანახვას ელოდნენ? საღამოს პირველად დავლიე ტეკილა, თანაც საკმაოდ დიდი ოდენობით და ძალიან მომეწონა.
ობსერვატორია
საკმაოდ გრძელი დღე გამოვიდა. სამი საათისთვის დავიძინეთ. მეორე დღეც არანაკლებ რთული და დამღლელი აღმოჩნდა.

გასათვალისწინებელი ინფორმაცია:
- ტურისტულ საინფორმაციო ცენტრში გაიარეთ და რუკები აიღეთ, თავისუფლებაზე გადაიტანეს, მუზეუმის ფოიეში;
- წალკა–ნინოწმინდის მიმდებარე სოფლებს სახელები შეუცვალეს და რუკას თუ არ დაემთხვა, არ ანერვიულდეთ, მთავარია გზიდან არ გადაუხვიოთ;
- ვარძიაში შესვლა 3 ლარი ღირს, ფეხით მოგიწევთ ასვლა საკმაოდ დიდ აღმართზე და მერე კიბეებით ჩამოხვალთ ქვემოთ. მანქანას არ უშვებენ, თუმცა თუ სათანადოდ "გაუღიმებთ", წესით გაჭრის :)
- ფასიანია აბასთუმნის ობსერვატორიაში შესვლაც და ღირებულება დამოკიდებულია ჯგუფზე. მინიმალური არის 20 ლარი 6 კაცამდე, 6 კაციანი – 25 ლარი და ა.შ.

No comments: