23.4.10

ანტიკური ტრადიციები

-ვცადოთ? მომბეზრდა წვიმა.
განუწყვეტლივ წვიმდა.
კოლონიის რადიოში პავლე ხუჭუა ჰყვებოდა ვოლფგანგ ამადეუს მოცარტის ბიოგრაფიას.
მის ხმას ფონად რეკვიემი მისდევდა.
ყვავილი მიწიდან უკვე 20 სანტიმეტრით ამოსულიყო. შულცი დაიხარა და დამპალი ფოთლები შემოაცალა. რომ გასწორდა, ბაბუა დაინახა.
ბაბუა მოხრილი დადიოდა სახლს გარშემო და რაღაცას ეძებდა. ბებია უკან დაჰყვებოდა და, ვითომ განრისხებული, ზურგში ურტყამდა გაძვალტყავებულ მუშტს.
–ვინ გასწავლა მა უბედურება! იმან იარა უკუღმა, ვინც შენ მთაში ხე–ტყის დამზადებაზე გაგიშვა! ხო არ გეცოდინებოდა მა უსირცხვილობა! არ გინდა, ბიჭო, დაგვიჭერენ სუყველას!
ბაბუა სახლს ქვეშ შეძვრა და ჯერ ორი ცალი საზამთროსოდენა ხის ბურთი გამოაგორა, მერე მეტრანახევრიანი ხის ძელი გამოათრია. ეს ყველაფერი ურიკაზე დააწყო და ყანისკენ გააგორა.
სახლიდან ვარლამი გამოხტა.
ბაბუამ ძელი ყანის პირას გადმოიღო, წვალებით დააყენა მიწაზე და აქეთ–იქით ბურთები შემოუწყო.
შულცი მიხვდა, რომ ბაბუამ ფალოსი ააშენა.
ბაბუამ ძლივს მოსწყვიტა ძელი მიას, ჩაიხუტა და წაქცეულ ყანაში შევიდა. ბებია და ვარლამი ხის ბურთებს მიაგორებდნენ, ერთი მარჯვნიდან და მეორე მარცხნიდან.
შუა ყანაში ბაბუამ ძელი ზევით ასწია და ცას შესძახა:
–შეგეცი!
ბებიამ მუშტი ჩაარტყა ზურგში და თვალებით ვარლამზე მიუთითა.
–შაო ღრუბელო, შეგეცი! – კიდევ უფრო ხმამაღლა იყვირა ბაბუამ, წაქანავდა და გაეპარა. ბებიამ პირზე ააფარა ტალახიანი ხელი. ბაბუა გაბრაზდა, პირი გაინთავისუფლა და უფრო მეტი რისხვით დაემუქრა შავ ღრუბელს:
–შეგეცი!
ცაზე არავითარი ცვლილება არ აღინიშნა. პირიქით, ვარლამს მოეჩვენა, რომ წვიმამ ცოტა მოიმატა კიდეც.
უცებ ბაბუამ შულცს მოჰკრა თვალი, განრისხდა, ფალოსი იქვე დააგდო, ბურთები ფეხით მიყარ–მოყარა და ცარიელი ურიკა სახლისკენ გააგორა. ბებია და ვარლამი უკან მიჰყვნენ.
სახლამდე არც კი იყვნენ მისულები, რომ ღრუბელი გაიშალა და მზემ გაანათა ჯერ ყანა, მერე კოლონია, მერე ბრეგვაძეები, მერე ქეთ – გურია დაიქით – სამეგრელო და აფხაზეთი.
რადიოში მოცარტის "თურქული მარში" ისმოდა.
რადიოს ბოძთან გერმანელები იდგნენ და თავის ქნევით დირიჟორობდნენ უხილავ ორკესტრს.
მუსიკა დამთავრდა და უკანასკნელი ცნობები დაიწყო:
–კიდევ ერთი დიდებული საჩუქარი გაგვიკეთეს ტყიბულისა და ტყვარჩელის მეშახტეებმა!..
გერმანელები კოლონად მოეწყვნენ და ვაგონების დასაცლელად წავიდნენ სადგურისაკენ.
ბაბუას სახლს რომ ჩაუარეს, შულცმა დაინახა, რომ ბაბუა ტალახიან ფალოსს სახლისაკენ მიაგორებდა ფეხით.
ბაბუამ შულცს რისხვით და სიამაყით შეხედა.

(c) "ქუთაისი ქალაქია", რეზო გაბრიაძე, 2002

3 comments:

clown said...

რაღაც კარგად ჩავიკითხე ^_^

thomas said...

lol, ki ki unda vcadot ashkarad :D
tu ara da terdz beso gvinda :-s

Natalia said...

არ ველოდი ასეთ განვითარებას და თვალები გამიფართოვდა :დ კარგი იყო :)