15.10.16

პორტო

დრაფტებში დამრჩენია ეს პოსტი. უპორტობა როგორ იქნება...

დილით დავიძარით ესპოზენდედან, მანქანის ავზი საწვავით ავავსეთ და მივედით europcar-ის ოფისში. ცოტა სანერვიულო იყო, ვაიდა მანქანა არ მოსწონებოდათ? ან საგზაო ჯარიმები დაგვხვედროდა? თან დაჯავშნისას ვიცოდით, რომ 350 ევრო უნდა გადაგვეხადა მანქანის დაბრუნებისას, რახან სხვა ქვეყანაში ვტოვებდით. მოკლედ, მივედით, გადმოვაბარგეთ ჩანთები, ნაწილი შევიდა მანქანის დასაბრუნებლად და გასაღების ჩაბარებისას 20 ევრო გადაახდევინეს მხოლოდ, რაღაც მომსახურების, არ მახსოვს რისი. გამოვიდნენ გაოცებულები, 350 ევრო არ მოუთხოვიათო. დავტაცეთ ჩანთებს ხელები და გამოვიქეცით :)))

აეროპორტში შევიარეთ, ბარგი დავტოვეთ. ძალიან მოსახერხებელია, ძვირიც არ გამოვა. ერთი განყოფილება ავიღეთ და 16 ევრო (მგონი) გადავიხადეთ ორ დღეში.

სახლთან ჰოსტის დედა და ბებია დაგვხვდნენ. დაგვაბინავეს, გვირჩიეს, ცნობილი პორტუგალიური ბურგერი ჭამეთო და ერთი ბოთლი პორტვეინი გვაჩუქეს.

ძალიან მშივრები პირველივე ღია კაფეში შევედით. კვირას მოგვიწია ჩასვლა და თითქმის ყველაფერი დაკეტილი იყო. 6 ცალი francesinha შევუკვეთეთ. ეს პორტოს საფირმო ბურგერი ყოფილა. საკმაოდ დიდი პორციაა და მსუყე. არ გადავრეულვარ, თუმცა გემრიელი იყო.

მერე ბევრი ვიბოდიალეთ ქუჩებში. რაღაცნაირი მშვიდია იქაურობა. შეიძლება კვირა რომ იყო, იმიტომ? ან არსად რომ აღარ გვეჩქარებოდა? არ ვიცი, რაღაცნაირად მთელი ამ მოგზაურობის მანძილზე პირველად განვიტვირთე.

მერე ვიღაც რუსებმა ხუთ ევროდ მოგვცეს ტრამვაის ორი ბილეთი, ვადა ჰქონდა ჯერ და ულიმიტო ასვლა შეგეძლო. მე და თეო ავედით ერთში, ბოლო გაჩერებაზე გადავსხედით მეორეში, მესამეს დააგვიანდა და აღარ დაველოდეთ. ძალიან სასაცილო იყო სიტუაცია, სკამის საზურგე შეგეძლო გადაგეწია და 180 გრადუსით ბრუნდებოდი. თან სულ ტურისტები ვიყავით და სამოძრაო მანძილიც ცოტა იყო. აი, მესამესაც რომ დავლოდებოდით, გაგვიყვანდა სანაპიროზე, სადაც შუქურა დგას. ეს მეორე დღეს გავაცნობიერე და ვინანე, თუმცა მაინც დრო გვეწურებოდა და თან აუცილებლად ვაპირებ პორტოში დაბრუნებას.

უკანა გზაზე რაღაც ვინთიჯ მაღაზია-კაფეში აღმოვჩნდით. ეს იყო საოცრება. გარეთ კაფე ჰქონდა, შიგნით ძველი საწყობი საოცარი ნივთებით. აუცილებლად სანახავი ადგილია, თან ცენტრთან ახლოსაა და შეიარეთ, თუ დაინტერესდებით. Armazem ქვია.

სადღაც მოედანზე ფლი მარკეტზე აღმოვჩნდით. საყვარელი ჩანთა ვიყიდე და ორი წკაპი. ავტორიც იქვე იყო, გავიცანი, წამოსვლისას მაგნიტი მაჩუქა <3 მერე თეომ გლინტვეინზე დამპატიჟა, ამასობაში წვიმაც დაიწყო. მოკლედ, პორტო რაღაც ისე მახსენდება, ძალიან მშვიდად. უკვე დავწერე, ხო?

ღამით ვიბოდიალეთ ქუჩაში. ცენტრში მშვენიერი იტალიური პიცერიაა, 2 ევროდ ძალიან დიდი და ნოყიერი ნაჭერი მოგდის. განსაკუთრებით მისწრებაა, როცა მოგზაურობა მთავრდება და ფულიც ცოტა გაქვს.  მეორე დილითაც ჯერ ამ პიცერიაში შემოვიარეთ, მერე ცოტა ვისეირნეთ და დავიძარით აეროპორტისკენ.



პორტო-ბარსელონას ბილეთი თბილისში ვიყიდეთ, რაღაც აქცია იყო ერთი დღით და 60 ევრო მივეცით. როგორი აჟიტირებულები წავედით აეროპორტში, ვერ წარმოიდგენთ. ყველასთვის პირველი ბიზნეს კლასური გამოცდილება იყო. ჰოდა, მივედით აეროპორტში, ურიგოდ გავიარეთ რეგისტრაცია B-), მივედით ჩასასხდომ ზოლთან, ჩვენთვის ცალკე რიგი იყო, სადაც ჩვენს გარდა 4-5 კოსტუმიანი ბიძა იდგა და ეკონომ კლასის რიგი იყო უშველებელი. ალბათ, ფიქრობდნენ, რომ რიგი აგვერია, ჩაცმულობით თუ იმსჯელებდნენ. ჯერ ჩვენ გაგვატარეს, მაგრამ რად გინდა, 40 წუთი ვიდექით გარეთ და ველოდებოდით, როდის დაცლიდნენ თვითმფრინავს, რომ მერე ავეშვით. ავედით და არც ფარდა, არც ფეხის გასაშლელი, არც ბალიში, რომელ შამპანიურზეა საუბარი. პატარა ჩანთები ფეხებთან დაილაგეთო, გვთხოვეს. მგზავრობა სულ 80 წუთი გაგრძელდა და ამ ხნის განმავლობაში ჯერ საჭმელი ჩამოატარეს გასაყიდად, მერე სასმელი, სტიკერები და ბოლოს სუნამოები. მოკლედ, რაინეარს ბიზნეს კლასი საერთოდ არ ჰქონია და ამის შესახებ დაფრენის შემდეგ გავიგეთ :)))


4 comments:

Natalia said...

აუ ბურგერმა დამაინტერესა, რა უცნარია. და პიცის ფოტოს ველოდი :(

Kiwi said...

აუუუ ერთი სული მაქვს!!! 13-17 დეკემბერი მივდივარ ლისაბონში და 1 დღე პორტოში და ისე მიხარია რო არ იცი! მინდა საუკუნეა < 3 ხოდა მაგ ვიტაჟ მაღაზიაში შევივლი აუცილებლად.

აქ კვირას უველაფერი მშვიდია, ყოველთვის, არ მიყვარს აქ კვირა, ძალიან არ მიყვარს თან :)))

მიხარიახოლმე შენი პოსტები, პორტოსთვის 1 დღე კი მექნება მაგრამ
მოვასწრებ იმედია რამეს :)))

kuda said...

ნატალია, ჩვეულებრივი ბურგერი ბევრ პომიდვრის წვენში რომ ჩადო, ეგეთი. ანუ გემრიელია, მაგრამ არაფერი განსაკუთრებული. უბრალოდ ძალიან ნოყიერია.

კიწი, ცოტაა 1 დღე პორტოსთვის, მაგრამ სულ არაფერს, უცებ მოირბენ ფეხით, პატარაა ძალიან :)

Kiwi said...

Hoo, vicii, mara mixaria mainc, ar gamodioda sxvanairad :(
P.S qartuli shriftit ar mawerinebs teli, arvici rato -_-