5.9.13

მესტია – ჰაწვალი

უშგული–მესტიის მონაკვეთი ლენტეხი–უშგულის გზასთან შედარებით არაფერია. შორიც არაა, 45 კილომეტრი. გზად გამოვიარეთ ხიდზე დაკიდებული კარები, უნდა გააღო, გახვიდე, დაკეტო. და ეს ორი ფოტო, მესტიის გზაზე, ამაზეა ნათქვამი საჭირო დროს საჭირო ადგილზე აღმოვჩნდითო. ასეთი ლამაზი არაფერი მინახავს.


მესტია პატარა, კოხტა საკურორტო ქალაქია, სადაც ყველა სეზონზე შეგიძლია ჩასვლა და დასვენება. ზამთარში შეგიძლია ისრიალო, ზაფხულში – ისეირნო და მწვერვალები დალაშქრო. ძალიან კარგი ტურისტული ინფო–ცენტრია, რუკებსაც არიგებენ, რჩევასაც გაძლევენ და გზასაც მიგასწავლიან. სიძველე შენარჩუნებულია და შუა მოედანზე ჩადგმული სვანური პიაცა და იუსტიციის თუ პოლიციის ახალი შენობები არ გაღიზიანებს. ჯამში ტურისტი მეტია, ვიდრე ადგილობრივი მოსახლეობა.




ჰაწვალზე ავედით, პანორამა რესტორანია ზემოთ. საბაგიროს 35 წუთი მოუნდა, სამაგიეროდ ისეთი ხედები იშლება, დრო როგორ გადის, ვერ გაიგებ.

ჭალაადის მწვერვალი, მდინარის სათავე მესტიასთან ძალიან ახლოსაა. მანქანით შეგიძლიათ გაიაროთ გარკვეული ნაწილი, მერე ფეხით გადასასვლელი ხიდია და სათავემდე ბილიკი მიდის. ბილიკზე ნიშნებია, გზა არ აგერევათ.  ტყე რომ მთავრდება, ქვიანი გზაა, ლოდებზე უნდა გადაიარო და შორიდან ხედავ მთაზე ვერტიკალურად გამოკიდებულ ტბას. ახლოს რომ მიდიხარ, ეს ტბა ყინულია, საიდანაც მდინარე გამოდის. აუცილებლად მოინახულეთ, ფეხით სასიარულო 4 კილომეტრი იქნება ჯამში წინ და უკან.


1 comment:

babisa said...

ძაან მომინდა,აშკარად,კიდევ უნდა ვეწვიო სვანეთს :)