2.6.10

მაისის წიგნის მიმოხილვა

წიგნის დასახელებამდე ბევრი ვიფიქრე. ძალიან მინდოდა, რომ მოგწონებოდათ, ამიტომაც შევაჩერე არჩევანი "ნოეს შვილზე". ეს არის მორიგი წიგნი გერმანელებისა და ებრაელების ურთიერთობაზე. მათზე ბევრი თქმულა, ბევრი დაწერილა, ბევრი ფილმი გადაღებულა და ეს თემა კიდევ დიდი ხანი იქნება აქტუალური ხელოვანებისთვის.
რამდენიმე თვის წინ წავიკითხე და მიუხედავად იმისა,რომ არ მახსოვს არცერთი გმირის სახელი, მახსოვს შეგრძნება, პირველი ფურცლიდანვე რომ ჩამითრია, მუშაობის ყველანაირი სურვილი გამიქრო და სანამ ბოლოში არ გავედი, ვერ ამოვისუნთქე. მომეწონა, ძალიან მომეწონა. თან მარტივი ენითაა დაწერილი, რაც ჩემთვის ბევრს ნიშნავს და ვაღიაროთ, ეს ერიკ-ემანუელ შმიტს კარგად გამოსდის.

ძალიან მაინტერესებს თქვენი აზრი, მოგეწონათ?


პ.ს. ჩემი რჩევა, აუცილებლად წაიკითხეთ მისივე "ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი"

7 comments:

babisa said...

მე უკვე მაინტერესებს ეგ ოსკარი და ვარდისფერი ქალბატონი.
გეთანხმები -სადა ენით წერს და ისე გიყვება, ბავშვობის შეგრძნებები გამახსენდა- რამე სასიამოვნო ისტორიას რომ ვკითხულობდი და მსიამოვნებდა, არადა თემატიკა საკმაოდ მძაფრია.
თუმცა თავიდანვე ვიცოდი, რომ ”ყველაფერი კარგად იქნებოდა”.
მსუბუბქი ნაწარმოებია და ამავე დროს ბევრ შეგრძნებას, სიამოვნებას გვიტოვებს, კარგად ასახავს იმდროინდელი ებრაელების გასაჭირს და ყოფას, მაშინდელი გერმანიის და ზოგადად დამსმენი ადამიანების ბუნებას აღწერს.
ვფიქრობ ეს წიგნი ყველა მოზარდმა უნდა წაიკითხოს, ალბათ 14-15 წლის ასაკში :)
პ.ს. მადლობა, რომ მათხოვე :*

babisa said...

shemovdivar, rom sxvebis azric wavikitxo da araferic ar mxvdeba ! :|

Chaotic said...

მმმ, გემრიელი კომენატრის გაკეთება მინდოდა და სულ სადღაც გავრბოდი ეს დღეები.
არ ვიცი, რამდენად გემრიელი გამოვა, მაგრამ ვეცდები:

წინა წელს წავიკითხე პირველად. ისევე, როგორც კუდამ, ხელიდან ვერ გავაგდე.
წინა თვეში მეორედ რომ გადავიკითხე, ზუსტად იგივე შეგრძნება მქონდა. თან ყველაზე სასაცილო ის იყო, რომ ზუსტად ისევე სულმოუთქმელად ველოდი მოვლენების განვითარებას, როგორც პირველი წაკითხვისას. თითქოს,არ მცოდნოდა, რა მოხდებოდა ბოლოში.
საერთოდ, ჰოლოკასტზე და მეორე მსოფლიო ომზე ბევრი იწერება. უფრო ხშირად, რა თქმა უნდა ნეგატიურად. ანა ფრანკის დღიურიც რომ ავიღოთ, საკმაოდ დიდი იყო უკვე იმისთვის, რომ გაეგო, რა ხდებოდა და რეალური ფაქტები უფრო მოქმედებს ადამიანზე.

მაგრამ მე ვთვლი, რომ ასეთი გადაწყვეტა იყო ყველაზე მომგებიანი ამ წიგნისთვის. თან ჩემთვის სუბიექტურად: როცა ომია და შენ 8 წლის ხარ და ფიქრობ და ვერ ხვდები, რატომ უნდა წახვიდე სადღაც შორს და უნდა დატოვო შენი სათამაშოები და ა.შ. და რა შუაშია ეს ყველაფერი იმასთან,რომ ქართველი ხარ... და რა დააშავე ეგეთი კიდევ, რომ მაინცდამაინც ქართველი ხარ და ახლა ამდენი სათამაშოს დატოვება გიწევს... :D
ანუ, ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო ის, რომ მიუხედავად გალამაზებული სიუჟეტისა, მჯეროდა იმ ყველაფრის, რაც იქ ეწერა.

ყველაზე მეტად დასასრული მომეწონა. შეიძლება ეგეთი პაციფიზმი თითიდან გამოწოვილი და არარსებულია, მაგრამ მე აბსოლუტურად ნეგატიურად ვარ განწყობილი პალესტინელების ჟლეტის მიმართ და ის ბოლო მესიჯი:"ახალ კოლექციას ვიწყებ" საკმაოდ ძლიერი იყო ჩემის აზრით.

რაც შეეხება იუმორს, ძალიან დახვეწილი და უმაგრესი იუმორი აქვს შმიტს. ასეთ თემატიკაზე რომ წერ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო იუმორთან, მაგრამ უმაგრესად გამოსდის.

მისი კიდევ ერთი წიგნი მაქვს წაკითხული "მონსინიორ იბრაჰიმი და ყურანის ყვავილები" (ეს ჩემი პირდაპირი თარგმანია): იქ ისლამზე მახვილდება ყურადღება და ისიც ძალიან კარგად იკითხება. ფილმიც არის გადაღებული მაგ რომანის მიხედვით.


პ.ს. იმედია, მეტ კომენტარს ვიხილავთ. :D

nastasia said...

ერთ-ერთი ყველაზე თბილი და კეთილი წიგნია, რაც ბოლო პერიოდში წამიკითხავს. ზოგადად, არ მიყვარს, როცა ომზე, გენოციდზე, ძალადობაზე და სხვა მსგავს ამბებზე სისხლით და ცრემლით და სასტიკი სურათებით გიყვებიან.
ხოოდა, შმიდტი ზუსტად ისე ყვება, მე რომ მიყვარს. რომ ვერ მოწყდები და წიგნს რომ გაღიმებული გადადებ.

ხო, კიდევ ჩემთვის ემოციურია მშობლებთან დამოკიდებულების ცვლილება, პატარას რომ ყველაზე მაგარი შენი მშობლები გგონია, და მერე რომ მიხვდები რომ ისინიც იღლებიან, შეიძლება ვერ დაგიცვან, შეიძლება სხვამ უკეთ მოგხედოს, შეიძლება ისინიც ტიროდნენ და ბერდებოდნენ და შეიძლება ერთხელ უბრალოდ, გაუცხოებაც დაგემართოდ და გეგონოს სხვასთან უკეთ იქნები.
და მერე რომ ხვდები, რომ ყველაფერი ისეა, როგორც არი.

ხოოდა, კარგი წიგნია.
მადლობა კუდა :)

LiLaC said...

მართლა ერთი ამოსუნთქვით წავიკითხე ეს წიგნი და ისე მომეწონა, რომ ყველა ჩემს მეგობარს ვურჩიე.. რიგში დგანან, რომ ვათხოვო :)
მართლაც არის ძალიან მარტივი, ადამიანური ენით დაწერილი. ერთადერთი, რამაც ცოტათო "მოტყუებულად" მაგრძნობინა თავი, ის არის, რომ ერთი-ორ მომენტში თითქოს მთავარი გმირი (სახელი დამავიწყდა) ასაკისატვის ზედმეტად პათეტიკურად საუბრობდა (სამწუხაროდ, ახლა წიგნი ერთერთ მეგობარს აქვს, თორემ კონკრეტულ მაგალითს მოვიტანდი)...
თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, არაფერია იმ სიამოვნებასთან შედარებით, რაც ამ წიგნმა მომანიჭა. ბუნებრივია, იმის სურვილიც გამიჩნდა, რომ შმიტის სხვა ნაწარმოებებიც წავიკითხო.
მოკლედ რომ ვთქვა, ნამდვილად მოხიბლული ვარ! მოხიბლული ვარ!

Sophie Golden said...

უფრო მეტის გაგება მინდოდა ამ წიგნზე :( შენი შეგრძნებების და შთაბეჭდილების.

Kate said...

მოვაღწიე ამ პოსტამდე როგორც იქნა. მიუხედავად იმისა, რომ ისტორიას და ომზე მეც არ მიყვარს არც წიგნები, ეს მომეწონა. არის რაღაც შეკითხვები. მაგ: იყო თუ არა რუდი ებრაელი??? რაღაც მომენტში მეგონა, რომ არ იყო, მაგრამ მერე აბა რაღაზე გაიქცა მამა პონსთან ერთად... "ეშმაკის წყევლა" ძალიან შემებრალა. ფინალი მართლა ძალიან ოპტიმისტური აქვს. საბოლოო ჯამში მომეწონა.