10.4.08

წითელი წიგნები

ოთახში არაჟნით, ორცხობილით და ყავის შეკვრით ხელებსავსე კაცი შემოდის. სახე გაფითრებული და სერიოზული აქვს. ხვნეშის.

- მგონი, ბავშვი გადმოვარდა აივნიდან... ცოცხალია და არავინ ეკარება, ფეხსაც იქნევდა...

წამოვხტი და გავიქეცი.

- ნახე, ბავშვების პატრონი რომაა, როგორ გავარდა, - შენიშნა ყავის ელ­ექტრომადუღარას ძებნაში გართულმა ქალმა.

ბავშვი არა, მაგრამ ტუფის ქვით მოპირკეთებული ოთხსართულიანი შე­ნობის ძირში, სითეთრეშეპარულ ასფალტზე, დაბალი ტანის, თმამოშვე­ბული კაცი ეგდო.

ხალხი ახლოს არ მიდიოდა - 4-5 მეტრის მანძილზე რკალად ლაგდე­ბოდნენ. ქალები ფრჩხილებს იკვნეტდნენ, კაცები ერთმანეთს სიგა­რეტს სთავაზობდნენ. ერთ ადგილზე არავინ ჩერდებოდა: მცირე ხნით უკან გადგებოდნენ, სულ მალე კი კვლავ რკალის შესავსებად ბრუნდე­ბოდნენ...

- სასწრაფოში დარეკა ვინმემ? დარეკა ვინმემ? - გაუთავებლად კითხუ­ლობდა ვიღაცა.

- ბავშვს ვასეირნებდი, ორი წუთით ადრე გავიარე, სულ რაღაც ორი ნა­ბიჯით გავასწარი... ხმაურზე მოვიხედე და რას ვხედავ - ეს არ გდია? - ბავშვიანი კაცი თავის უჩვეულო თავგადასავალს რკალის შესავსებად მოსული ადამიანების ახალ ჯგუფს უყვებოდა.

ჩამოვარდენილმა მოძრაობა შეწყვიტა...

მის სახეს თეთრი ფერი ეძალებოდა. სიგამხდრის მიუხედავად, მკერ­დი არაბუნებრივად, ავადმყოფურად გაბერილი ჰქონდა. ჩამოვარდნი­ლის ჩონჩხი და მთელი იერი, ლოგიკურად, კუზს მოითხოვდა, მაგრამ კუზიანი არ იყო. სიმაღლე კი მართლაც ბავშვისა ჰქონდა. სულ ცოტა, ბოლო სამი თვე მის სახეს საპარს-საკრეჭი მოწყობილობები არ მიჰკარე­ბია. თხელი, გახუნებული, ბინძური წვერი ალაგ-ალაგ ეზრდებოდა.

პირიდან გადმოსული სისხლის გუბე ნელ-ნელა გაფართოვდა... მოუ­ლოდნელად, გადატეხილ ფეხებთან, გუბეში სამი წითელყდიანი წიგნი დავინახე. ნიავმა ერთ-ერთი სქელტანიანი ტომის სიყვითლეშეპარუ­ლი ფურცლები ჯერ ერთი, შემდეგ კი საწინააღმდეგო მიმართულებით გადაფურცლა.

რომ არა ქარი, სისხლის ფონზე წითელყდიანი წიგნების დანახვა შეუძ­ლებელი იქნებოდა.

"ნეტა, რა წიგნებია?!" - მექანიკურად გავიფიქრე.

ამასობაში სადარბაზოდან შავპერანგიანი ბიჭი გამოვარდა. "ჩამოვარდ­ნილის" დანახვაზე პატარა ხელები სახეზე აიფარა, კედელს აეკრა და აქ­ვითინდა.

მისი დაწყნარება არავის უცდია.

"გადმოხტა, თუ გადმოვარდა?" - კითხულობდა ვიღაც ახალმოსული, - "გადმოხტა, თუ გადმოვარდა?" - არ ჩერდებოდა იგი.

სასწრაფო დახმარების მანქანამ დიდხანს აჭყვიტინა სიგნალი, სანამ ჩა­მოვარდნილამდე მიუშვებდნენ. ყუთებით და რაღაც ხელსაწყოებით გადმოლაგდნენ. ინსტრუმენტების გამოყენებამდე საქმე აღარ მისუ­ლა. მომაკვდავის თავთან დახრილმა ზორბა თეთრხალათიანმა სანი­ტარმა ახალგაზრდა ექიმს ასძახა: "მგონი ისაა... ის უნდა იყოს!.. მაცა­ლე, ერთი მკერდი ვუნახო..." - ამ სიტყვებზე სანიტარმა ასფალტზე და­ბერტყებულ არსებას ენერგიული მოძრაობით გაძვალტყავებული მკერდი გაუშიშვლა.

"კი, ისაა, - ალაპარაკდა სანიტარი, - ნახე, იგივე "ნაკოლკა", იგივე წარწე­რა მსხვილი ასოებით... ჰმ, აი, წიგნები, ეს წითელი წიგნებიც რომ აქ ყრია... ეჭვი არაა - ისაა, ყოველ წელს ერთი და იგივე? არ გაგვი...რაკა საქმე?.."

თეთრხალათიანებმა სიცოცხლეჩამქრალი ორგანიზმი ასფალტს ააგლი­ჯეს. მოძრავ ამბულატორიაში შედგმისას, სანიტრები წამით დაყოვნდ­ნენ. გადაღეღილ გულისპირში ოსტატურად შესრულებული "ნაკოლკა" - ფრთებგაშლილი (მოფარფატე) ანგელოზი დავინახე. ნახატს ნახევარწ­რედ, იშვიათი სილამაზით გამოყვანილი ასოები - "ნუ დაეცემი" - ერტყა.

"ყოველ წელს ერთი და იგივე? ეს ვინ ყოფილა, მე ამის დედას შე..." - სა­ნიტარმა მთელ ხმაზე უტიფრად შეიგინა.

სასწრაფო დახმარების მანქანამ დიდი ხმაურით დატოვა მოყაყანე ადა­მიანები.

წითელ წიგნებს კვლავ ქარი ფურცლავდა. კედელზე აყუდებული ბი­ჭიც კვლავ სახეზეხელებაფარებული ტიროდა. ადამიანები ისე დაიფან­ტნენ, მისი დაწყნარება არავის უცდია.

ოთახში რომ დავბრუნდი, ყავის სმა დამთავრებული ჰქონდათ.

- ბავშვი არ იყო, - ვთქვი მე.

ყურადღება არავის მოუქცევია.

"ნეტა, რა წიგნები იყო?" - ვერ ამომეგდო თავიდან...

ცნობისწადილის დაკმაყოფილება მოგვიანებით ვცადე. სანიტრის ნათქ­ვამმა ("ყოველ წელს ერთი და იგივე?") არ მომასვენა. მომხდარიდან ზუსტად ერთი წლის თავზე ტუფით მოპირკეთებულ ოთხსართულიან სახლთან ვიდექი და ველოდი...

პატარა, სუსტი, უბადრუკი არსება აივნის მაღალ მოაჯირზე ასაბობღებ­ლად, წითელი ფერის წიგნებს ერთმანეთზე აწყობდა - წიგნები მას კი­ბის მაგივრობას უწევდნენ.

დაცემის ყრუ ხმაზე, მოპირდაპირე შენობაში ფანჯრები გააღეს. ვიღა­ცამ იკივლა. ჩამოვარდნილის გადამტვრეულ ფეხებთან, სისხლის გუბე­ში, სამი წითელყდიანი წიგნი ეგდო.

ოთახში არაჟნით, ორცხობილით და ყავის შეკვრით ხელებსავსე დავბ­რუნდი. სახე გაფითრებული და სერიოზული მაქვს. ვხვნეში.

- მგონი, ბავშვი გადმოვარდა აივნიდან... ცოცხალია და არავინ ეკარება, ფეხსაც იქნევდა... - ვთქვი მე.

ოთახში მყოფთაგან ერთი წამოხტა და გაიქცა.

- ნახე, ბავშვების პატრონი რომაა, როგორ გავარდა, - გადაიხარხარა ყა­ვის ელექტრომადუღარას ძებნაში გართულმა ქალმა...

წიგნები კი...

მართლაც კარგი, იშვიათი წიგნები იყო, თუმცა მათი წამოღება და ხე­ლის შეშლა აზრად არ მომსვლია.

უნდა გითხრათ, ასეთი წიგნები ყველა ჩვენგანს უწყვია სახლში...

დათო ქარდავა


–––––––––––––––––
(c) http://arili2.blogspot.com
საინტერესო ბლოგია. ამ ნაწარმოებსაც იქ წავაწყდი და ძალიან მომეწონა. ავიღე და გადმოვიტანე. მგონი არ ეწყინება (:

7 comments:

Jenny said...

ვა რა უცნაურია აი რო წავიკითხე იმ განწყობით რომ შენი დაწერილია და შენ რომ წარმოგიდგინე ავტორის ადგილზე – მომეწონა და ბოლოს აღმოვაჩინე რომ სხვაა ავტორი. თან სახელი და გვარი..

მოკლედ რამდენს ნიშნავს განწყობა :))

nati kuda said...

არა, სად შემიძლია მე ამდენი :პ სკოლის პერიოდში ვწერდი ხანდახან, ისიც მასწავლებლის მიერ მოცემულ თემებზე. მერე შევეშვი

Jenny said...

არადა მოგიხდებოდა :user:

Anonymous said...

ვერაფერი გავუგე ტფუი რაა :(((

sHteri said...

ვერაფერი გავუგე ტფუი რაა :(((

მარი said...

ნეტა ეს ის დათო ქარდავაა მე რომ ვიცნობ? სპყ

nati kuda said...

მარი:
ააბა რა ვიცი : )