2.11.07

კუდაუბდა

დილით ბედნიერმა გავიღვიძე. დიდი ხანია, ასეთი შეგრძნება არ მქონია. ავდექი და ყველა ოთახში შევიხედე, საგულდაგულოდ დავათვალიერე და დავრწმუნდი, თვალი არ მატყუებს_თქო, სახლში აშკარად შეცოტავებულნი ვიყავით =)მესმის, ცოტა ცუდი მიზეზია ბედნიერებისთვის, მაგრამ ჩემს ადგილზე რომ იყოთ/ყოფილიყავით, გამიგებდით და .. სულაც არ გისურვებთ ამას. უბრალოდ გადავიღალე ხმაურისგან და დაძაბულობისგან. თან პირად ცხოვრებაშიც არ მაქვს ყველაფერი მოწესრიგებული და ეს ყველაფერი ერთად.. ნამეტანი იყო.
მარტოობა მომენატრა.
არა და როგორ მიყვარს და როგორ მჭირდება და როგორ..
მოკლედ, დილა არაჩვეულებრივი იყო :chups:
შუადღეც.. დღეს მარტოს მომიწია მუშაობა, ანუ არავინ მეხმარებოდა და არავინ მითითებდა, რა უნდა გამეკეთებინა. თავი მშვენივრად გავართვი. განვადებები გავეცი, კომიტეტზეც გავიტანე განაცხადი და დამიმტკიცეს კიდეც. მოკლედ, დღეს საკუთარი თავით ძალიან ვამაყობ.
საღამოს კინოში ვიყავით მე და შოთა (შევრიგდით :D ), 'პირობა' ვნახეთ კუსტურიცასი. მე კარგად ვიხალისე და სხვისი არ ვიცი. ყველა გადარეული იყო ფილმში და ცოტა ხნით იმ სოფელში მომინდა ცხოვრება. ყველაფერი ფეხებზე ეკიდათ – პოლიტიკა, ეკონომიკა, სწავლა, განათლება.. მაგრამ სიყვარული და მეგობრობა შეეძლოთ, ბევრისგან განსხვავებით (:
ხოდა.. ახლა რევოლუცია იწყება, მე კიდევ კომპიუტერს ვუზივარ და სულ არ მინდა ოთახიდან ცხვირის გაყოფა. საშინლად ვერ ვიტან პოლიტიკას. შეიძლება ცუდიცაა, მაგრამ იმდენად ბინძური საქმეა, სურვილიც კი არ მაქვს, რამე ვიცოდე. ფილმის შემდეგ შოთას დაჟინებული თხოვნით აქციას ჩამოვუარეთ და საშინელი გრძნობა დამეუფლა, დამამძიმა. იმედია ყველაფერი მშვიდობიანად ჩაივლის. ყველაზე მეტად ომის, საყვარელი ადამიანების დაკარგვის და გზებზე გადასვლის მეშინია.

კუდაუბდა.. ლილიანს მოვპარე ფრაზა თუ სახელი თუ გამოთქმა თუ რაც არის..

No comments: